ამირან გამყრელიძე: დღემდე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ინფექციის შეკავებასთან დაკავშირებით, არის სწორი

“პრემიერთან შეხვედრაზე შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე, პრინციპული შეთანხმება გახლავთ, რომ დღემდე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ინფექციის შეკავებასთან დაკავშირებით, არის სწორი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პრემიერმინისტრის მეთაურობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მედიკოსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის აღსრულება და მონიტორინგი, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა.

„დღევანდელი შეხვედრა მოეწყო პრემიერმინისტრთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან, რათა განხილული ყოფილიყო ყველა ის საკითხი, თუ რას აკეთებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით ქვეყანა. შევჯერდით მთელ რიგ საკითხებზე, პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ დღემდე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ინფექციისა და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არის სწორი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორედ ხორციელდება აღსრულება იმისა, რასაც დღეს მთავრობა ადგენს და რა რეკომენდაციებსაც აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესისა და ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, სავაჭრო დაწესებულებებისა და ა.შ. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის აღსრულება და მონიტორინგი, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი გახლავთ სოციალური დისტანცირება. სოციალური დისტანცირება ექსპერტების მიერ ჩაითვალა, როგორც ყველაზე უფრო მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა და გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, თუ რა კეთდება ქვეყანაში ეპიდემიის პრევენციის, შეკავების, ტესტირებისა და აქტიური იდენტიფიცირების თვალსაზრისით. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა საქართველოში ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები