კორონავირუსი და ეკონომიკა – რას ფიქრობენ სპეციალისტები ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე

კორონავირუსით მიყენებული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის კონგრესს ეკონომიკის სტიმულირების ტრილიონიან პროექტს წარუდგენს.

როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული პროექტის თანახმად, აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებისათვის 500 მილიარდის პირდაპირ დარიგებას გეგმავს. გარდა ამისა, 50 მილიარდი დოლარი საავიაციო ინდუსტრიას მოხმარდება. იგეგმება მთელი რიგი საგადასახადო შეღავათებიც.
როგორც აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, მთავრობა უზრუნველყოფს, რომ დახმარება მოსახლეობის იმ სეგმენტზე კონცენტრირდეს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. აშშ-ს ფინანსური მდივნის სტივენ მნუჩინის განცხადებით, თუ აღნიშნული ქმედებები არ განხორციელდა უმუშევრობა, რომელიც ახლა 3.5 % -ზე ნაკლებია შესაძლოა 20 %-მდე გაიზარდოს.

ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ ეკონომიკის დამცავი გარკვეული ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობამაც განაცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით 300 მლნ ლარი იქნება ინვესტირებული, დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა კი, გაორმაგდება და 1 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გარდა ამისა, ყველა კომპანიას, რომელსაც ამის ობიექტური საჭიროება ექნება, საბანკო სექტორი უზრუნველყოფს მათი სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში. ამ გზით ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბიზნესს, დაახლოებით, 100 მილიონ გამოუნთავისუფლდება. როგორც ხელისუფლება აცხადებს, მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები,  ჯამურად, 18 ათას კომპანიასა და 50 ათასამდე დასაქმებულს შეეხება.
ეკონომისტებისა და არა მარტო მათი მოსაზრებით, იმისათვის, რომ კორონავირუსით მიყენებული ზიანის მინიმალიზება მოხდეს, მთავრობას უფრო მეტის გაკეთება მართებს. კერძოდ, არსებობს მოსაზრება, რომ მთავრებამ გარკვეული ხნით დაწიოს ან დროებით გააუქმოს საშემოსავლო და ქონების გადასახადები, ასევე დაწიოს აქციზი საწვავზე. ეკონომისტების ერთი ნაწილი მოსაზრებით დაუშვებელია, ასევე, საფასო პოლიტიკაში ჩარევა. როგორც ცნობლია მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” დამფუძნებელის პაატა შეშელიძის მოსაზრებით, რაც მეტ ეკონომიკურ პასუხისმგებლობას აიღებს თავზე სახელმწიფო მით ღრმა კორუფციასა და დეფიციტში აღმოვჩნდებით.
მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია. მისი თქმით, მოწოდებები, რომ შევკვეცოთ ბიუჯეტი, შევამციროთ ან გავაუქმოთ გადასახადები,ვდავაფინანსოთ იმ კერძო კომპანიების ხელფასები, რომლებიც, კორონავირუსის გამო, გაჩერდნენ, არარელევანტური და მიუღებელია. „ვისაც მსგავსი მოთხოვნები გაქვთ ჯანმრთელობას გისურვებთ, აბა მეტი რა უნდა გისურვოთ“? – აცხადებს ჭარაია. დაახლოებით იგივეს აცხადებს ფინანსთა მინისტრი მოადგილე ლაშა ხუციშვილი. მისი მოსაზრებით, სანამ პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება ნებისმიერი სტიმული, გაკეთებული ეკონომიკისთვის, არის, უბრალოდ, ფულის წყალში გადაყრა. ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ შექმნილ სიტუაციაში გეგმა ეკონომიკის სტიმულირებისათვის არის პოპულიზმი, გათვლილი ამომრჩეველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები