„ჯანმრთელობა შენს ლამაზ ხელებს“ – თეთრად გათენებული ღამეები და უსასყიდლოდ შეკერილი პირბადეები
მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსის რეჟიმშია, როცა ზოგიერთს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი ადარდებს და დაიტაცეს პროდუქტები მაღაზიებიდან, ქალბატონმა, ვისაც ახლა გაგაცნობთ, თავისი პროფესია დღეს ყველაზე აუცილებელი საქმისკენ მიმართა – პირბადეების კერვა დაიწყო.
ლია კაპანაძე, როგორც მოხალისე, კერავს პირბადეებს და, საჭიროებისამებრ, ადამიანებს ჩუქნის. „ჯანმრთელობა შენს ლამაზ ხელებს, ჩემო ლია“, – ემადლიერებიან მას.
– საჩხერე თქვენი მშობლიური ქალაქია. ჭრა–კერვა ბავშვობიდან გიყვარდათ?
– დიახ, ჭრა-კერვა ბავშვობიდან მეხერხებოდა. უმაღლესში ჩაბარების წინ სახლი დაგვეწვა და სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე, კერვას დავეუფლე და უკვე პროფესია მექცა. უკვე დიდი ხანია თბილისში ვცხოვრობ, მაქვს ჩემი სამკერვალო სალონი ტაშკენტის ქუჩაზე, მყავს ქმარი, ორი შვილი და 6 შვილიშვილი.
– 22 წელია თქვენი სამკერვალო სალონი ემსახურება თბილისელებს. საინტერესო ამბებიც გექნებათ...
– არასოდეს დამავიწყდება, კარგი კაბა შევუკერე ძალიან ლამაზ გოგოს, მართლაც უნაკლოდ ჰქონდა. მეორე დღეს მოვიდა და მეუბნება, ასე მითხრეს, დიდი გაქვს და ცოტა გამოუკელიო.
ბევრი შეკვეთა მქონდა და გადამავიწყდა, ტყუილად ვუთხარი, გამოვუკელი და თუ გინდა კიდევ გამოვუკლებ-მეთქი. არა, არა, უკვე კარგია, ზუსტად ასე მინდოდაო. არადა ხელი არ დამიკარებია.
– ცნობილი ადამიანებიდან ვის შეუკერეთ?
– ვუკერავ ყველა კატეგორიას, ვკერავ საქორწინო კაბებსაც. ცნობილებიდან: ეკა მიშველაძეს, რიმა ბერაძეს, ეთო მდინარაძეს, ინგა ზაბახიძეს, აზერბაიჯანელ გულიას და მრავალ სხვას. ვაცმევ დიდი ხალისით შოუმენ გია ჯაჯანიძეს…
– კრიტიკულ დღეებში პირბადეებზე გადაერთეთ. 360 პირბადე უფასოდ გადაეცით ადამიანებს…
– როცა ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას უჭირს, არ შემეძლო, ამაზე ხელი მომეთბო და ფულები მეკეთებინა.
სამი დღეა ვკერავ პირბადეებს ჩემივე მასალით. ღამეებს ვათენებ. მაგრამ ახლა მასალა გამითავდა და თუ ვინმე შემომეშველება, კარგი იქნება.
პირბადეებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს ვჩუქნი.
საჩუქრად გადავეცი იმუნიზაციის ცენტრს, მოსახლეობას. გლდანში მოხუცთა თავშესაფარს, სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს.
საჩხერეში ხანდაზმულთა სახლს, „წითელი ჯვრის“ მენეჯერს ქეთინო ფალავანდიშვილს.
ვისაც გავწვდები, ყველას მივცემ.
სიურპრიზს ვუმზადებ ერთ ორგანიზაციას – ,,ევროპა დონა საქართველოს”, რომლის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი ანა მაზანიშვილი. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონები. თავად მინდა ვესტუმრო ვარდისფერ სივრცეში, მოვეფერო, გავამხნევო და საჩუქრად გადავცე ნიღბები: კიბო ნამდვილად არ არის განაჩენი…
– უფალი შეგეწიოთ, ქალბატონო, მადლიერება ყველაზე დიდი ლოცვაა… ხშირად გწერენ ფეისბუქზე… ალბათ ბევრი გეხმაურებათ ქველმოქმედების შემდეგ?
– უამრავი კომენტარი იწერება. ამ ხნის ვარ და ამდენი სითბო და სიყვარული სხვა დროს მიგრძვნია. ამ დღეებში 100-ზე მეტი მეგობრობის თხოვნა მაინც მომივიდა.
დიდი ბედნიერება და სიხარულია, შენი შრომის დაფასება. მადლობა ყველას, ვინც გამომეხმაურა და სითბო მაგრძნობინა. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.
– ჰობი…
– ლექსების წერა. ერთ ახალ ლექსს გეტყვით:
ყველა მკერავმა მადლი ვაკეთოთ,
პირბადე ვკეროთ თითო-ოროლა,
უფალი კალთას გადმოგვაფარებს
და დავამარცხებთ ერთად კორონას!
– აღმოჩნდა, რომ ასეთ დროს მკერავის პროფესია ყველაზე მეტად დაფასდა. ჭრა-კერვის კურსებიც გაგიხსნიათ…
– გახსნილი მაქვს ჭრა-კერვის ექვსთვიანი კურსები, ვაძლევ მოწმობებს. მსურველები დამიკავშირდნენ.
P.S. ეს ინტერვიუ გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა ქალბატონ ლიას ფეისბუქგვერდზე ახალი მადლობები გამოქვეყნდა:
თამუნა ხიზანიშვილი: „კიდევ არსებობენ კეთილი და ქველმოქმედი ადამიანები ლია კაპანაძის სახით. როცა სხვები პირბადეების კერვით ფულს შოულობენ, ეს კეთილშობილი ქალბატონი ქველმოქმედებას ეწევა და თავაუღებლად კერავს.
დღეს პირადად მე სრულიად უსასყიდლოდ გადმომცა მრავალჯერადი პირბადე, როდესაც აფთიაქიდან ხელცარიელი გამოვედი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ქალბატონო ლია, ამ სიკეთისათვის“.
მოხუცთა თავშესაფარი „ბარბარე XXI“: მართლაც, საოცარი ქალბატონი, ჩვენს ბებიებს და ბაბუებს უსასყიდლოდ უკერავს ნიღბებს… აი, ესაა გაჭირვების ჟამს თანადგომა და არა სიტუაციის სათავისოდ გამოყენება და ფულზე დახარბება. უფალმა ჯანმრთელობა და მადლი მოგცეთ, ქალბატონო“.
თამარ შაიშმელაშვილი