„ერთი უცნაურობა მახასიათებს, ჩემი ნახატები არასოდეს მომწონს“
თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ–გამოყენებითი ფაკულტეტი.
ბავშვობიდან მოყოლებული სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე ხატვის სამყაროდან არ გამოსულა. ბევრს მუშაობდა, რომ თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედება ჰქონოდა. იგი თავიდანვე არ დასჯერდა მხოლოდ ფერწერას და მეტად რთულ ჟანრში – ბატიკაშიც სცადა ბედი – ფერთა პალიტრით და მისეული ორიგინალური ტექნიკით ყველას დაამახსოვრა თავი.
შემდეგ ისე მოხდა, რომ რაღაც პერიოდი არ უხატია. მეუღლის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ და ტკივილმა კი ახალი განცდით და ფიქრებით აავსო. ისევ ფერწერას დაუბრუნდა და საინტერესო ხედვით შექმნილი ნამუშევრები შემატა თავის კოლექციას.
2000 წელს საქართველოს მხატვართა კავშირმა იგი დააჯილდოვა: „წლის საუკეთესო მხატვარი – საუკეთესო ნამუშევრისთვის“.
მიღებული აქვს თბილისის მერიის კულტურის სამსახურის პრემია. შესულია წიგნში – „ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი“.
მისი ნამუშევრები დაცულია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში. – ფერმწერის, გრაფიკოსის, მხატვარ-მულტიპლიკატორის, ბატიკის ოსტატის ია არსენიშვილის პერსონა.
– მშვიდი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ლაპარაკზე ადრე ხატვა დამიწყია. 6 წლიდან ვხატავდი და ფურცელი და ფანქარი მეჭირა. ორ სკოლაში ჩავაბარე გამოცდა, სამხატვრო სკოლაშიც და მუსიკალურ სკოლაშიც. დედამ იფიქრა, ერთგან მაინც მოხვდებაო, სასიხარულოდ ორივეგან მოვხვდი წარმატებით. ერთ თვეში დაიბარეს დედაჩემი და უთხრეს, რომ ხელი შეეწყო ჩემთვის, რადგან ორივე სფეროში წარმატებები მქონდა.
დედაც და მამაც მუშაობდნენ და ამიტომ წარმოუდგენელი იყო, ორივე სკოლაში მევლო. ერთ-ერთი უნდა ამერჩია. ეს ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო ჩემთვის, რადგან ორივე ძალიან მიყვარდა. ბოლოს ისევ ხატვა ამირჩევია ალბათ იმიტომ, რომ სამხატვრო სკოლაში ყოველდღე უნდა მევლო, მუსიკალურ სკოლაში კი მხოლოდ კვირაში სამჯერ მიწევდა. ამიტომ ბედნიერების წუთები და საათები უფრო მეტი იყო სამხატვრო სკოლაში. ასე დავიწყე ხატვა.
შემდეგ ბებია გარდამეცვალა და დედამ გამომიცხადა, რომ ხატვაზე ვეღარ მატარებდა. ეს იყო ყველაზე დიდი ტრამვა ბავშვობაში. ამას ვერ გადავიტანდი, ხატვის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. დედა მიყვებოდა, ერთი კვირა არც საჭმელს ეკარებოდი და არც ლაპარაკობდიო. მერე გადაწყვიტა, რომ სამხატვრო სკოლაში შევეყვანე. ეს იყო და ეს, აღარ შეუშლია ხელი. პირიქით, სულ მეხმარებოდა, რომ მხატვარი გავმხდარიყავი.
ასე ბედნიერად დავდიოდი სამხატვრო სკოლაში, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი, თუმცა ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, მაგრამ უზომოდ თავმოყვარე ვიყავი და ტექნიკურ საგნებსაც წარმატებით ვაბარებდი.
პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში მქონდა, 7 წლის ასაკში აღმოვჩნდი ყველაზე მასშტაბურ და დიდ წიგნში – „გულიდან გულში“. ბავშვობიდან ძალიან დაფასებულად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ვხატავდი და წარმატებებით განებივრებული ვიყავი, თუმცა გულისტკენაც არ დამკლებია.
7-8 წლის ვიყავი, სამხატვრო სკოლაში ნახატი ჩამიბნელდა და გადავწყვიტე, ხიდი წითლად დამეხატა. საბავშვო სამხატვრო სკოლა ათონელზეა და ყველამ იცის ქალბატონი ნათელა მასწავლებელი, ბავშვებს ძალიან გვიყვარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უხეშად იცოდა შენიშვნის მოცემა. მეჩხუბა, სად გინახავს წითელი ხიდიო. ერთი კვირა ვინერვიულე.
დღეს, როცა პატარებს ვასწავლი, რა ნაჯღაბნიც არ უნდა მომიტანონ, ვეფერები, ცამდე ამაქვს მათი ნახატები. ისე ვეფერები, გაოცებულები მიყურებენ. მერე სხდებიან და უფრო კარგი ნახატები მოაქვთ.
მახსოვს, მერვე კლასში ვიყავი, გარდატეხის პერიოდში, სამხატვრო სკოლაში ერთ-ერთმა მასწავლებელმა შენიშვნა მომცა და ისიც ძალიან განვიცადე. აღარ დავდიოდი სამი-ოთხი თვე. დეპრესია დამეწყო, ხატვა არ მინდოდა… ჩემი დეიდაშვილი გელა სამადაშვილი რომ არა, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა.
ერთხელაც ჩვენთან, სახლში მოვიდა. მითხრა, ჩაიცვი, მივდივართო. მშობლებსაც არ უთხრა, რას აპირებდა. ჩემზე უფროსი იყო და დავემორჩილე. წავედით ვაკეში, კავსაძის ქუჩაზე, სადაც დიდი მხატვრების სახელოსნოები მდებარეობდა და მათ შორის, აკადემიკოს გრიგოლ ჩირინაშვილის სახელოსნო. შემიყვანა ოთახში, სადაც აბიტურიენტები ისხდნენ და ხატავდნენ. მე დამტოვა, თავად კი წავიდა.
ბატონმა გრიშამ (ყველა ასე მიმართავდა) დამახატინა აბიტურიენტებისთვის მომზადებული ნატურმორტები, ხან თაბაშირისგან ფიგურა გამაკეთებინა, ხან რა, ხან რა, თან მეკითხებოდა, დაიღალეო? არა-მეთქი, ვპასუხობდი. ეტყობა მატყობდა, უბედნიერესი ვიყავი.
ის დღე გუშინდელივით მახსოვს.
ჩემმა დეიდაშვილმა იმ დღეს ძალიან დააგვიანა. 10-სკენ მოვიდა, ჰკითხა ბატონ გრიშას, როგორიაო და მხეციაო, – უპასუხა მან.
მხეციაო და… მისმა მოსწავლეებმა იციან, რომ შექება „მხეცია“, ყველაზე მაგარი იყო მისგან. ჩემმა დეიდაშვილმა მერეღა უთხრა სიამაყით, რომ მისი დეიდაშვილი ვიყავი.
ასე დაიწყო ჩემი ბედნიერება ერთ დღეში. ბატონმა გრიშამ მშობლებს უთხრა, რომ სახელოსნოში ყოველდღე ივლისო.
ისეთი გახარებული ვიყავი, სკოლის მერე სამხატვრო სკოლაში მივდიოდი, სამხატვრო სკოლიდან კი სახელოსნოს მივაშურებდი ხოლმე. სადღაც ღამის 11-12 საათზე შევდიოდი სახლში.
მოგვიანებით, როცა სტუდენტებს თავად ვასწავლიდი, ნახატი თუ არ მომეწონებოდა, არაცმთუ შენიშვნას არ ვაძლევდი, ისე ვუფრთხილდებოდი, საკუთარი შვილებივით ვეფერებოდი მათ. სითბოთი მიხსენიებენ ისინიც.
– მშობლებს უნდოდათ ხან ექიმობა, ხან იურისტობა. მაგრამ თქვენი გაიტანეთ,სამხატვრო აკადემია დაამთავრეთ…
– ოჯახმა და მშობლებმა მოინდომეს, იურიდიულზე ჩამებარებინა, ჩემი ძმა იყო ძალიან წარმატებული იურისტი. მთელი ბავშვობა ჩამჩიჩინებდნენ, აკადემია დაივიწყე, ვერ ჩააბარებ: ეგ ისეთი ადგილია, ან ძალიან დიდი ფული უნდა, ან დიდი პატრონიო. ეს უფრო მაგიჟებდა. ამდენი უარყოფითი რომ არ ეთქვათ, შეიძლება ასე არც მომენდომებინა. დედამ მითხრა, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტშიც არის ეგ ფაკულტეტი და იქნებ იქ მოხვდეო, ეს „ც“ მაგიჟებდა, ვმუშაობდი და ვმუშაობდი, ოთახიდან არ გავდიოდი.
ოჯახში ჭირი თუ ლხინი იყო, სტუმრები იყვნენ თუ რამე ხდებოდა, მე არ მეხებოდა. ვიჯექი ჩემს სამყაროში, კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი, ვმეცადინეობდი, 7 საგანი უნდა ჩამებარებინა, მაშინ იოლი არ იყო სამხატვრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებზე გასვლა. ძალიან ძნელად ჩასაბარებელი იყო, ერთი ან ორი ადგილი იყო ფაკულტეტზე. ძალიან გამიმართლა, როცა გამოცდები დამთავრდა, შვიდივე საგანში უმაღლესი ქულები მივიღე. უბედნიერესი ვიყავი, ერთი საათი ისტერიულად ვტიროდი და ვერ მაწყნარებდნენ.
– რას გაიხსენებთ სტუდენტობის წლებიდან…
– ოქტომბერში დავიწყეთ სწავლა, შემოვიდა მაღალი სიმპათიური კაცი და იკითხა, ია არსენიშვილი ვინ არისო. როგორც მერე შევიტყვე, კათედრის გამგე, ბატონი გივი ყანდარელი აღმოჩნდა, გამომიწოდა ხელი და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამხატვრო აკადემიაშიო, მითხრა. გადავირიე თქვენობით მომართვაზე. ასეთი მიდგომა ჰქონდა ბატონ გივიც და მთლიანად ჩვენს კათედრას სტუდენტებისადმი.
– საინტერესო იყო აკადემიაში მედეა ჩიხლაძესთან მუშაობა, რომელიც განცვიფებული ამბობდა, მიდის პირდაპირ ქსოვილთან და ყოველგვარი ესკიზის გარეშე იწყებს მუშაობასო…. და საკურსო ნამუშევრები ქსოვილების კათედრის ფონდშიც კი შეინახეს…
– მძიმე პერიოდი იყო 90-ანები, 9 აპრილი რომ მოხდა, პირველ კურსზე ვიყავი, მაგრამ ისეთ გარემოში აღმოვჩნდი სამხატვრო აკადემიაში, სითბო და სიყვარული არ გვაკლდა სტუდენტებს. გამოვყოფ უსაყვარლეს პედაგოგებს: პროფესორ მედეა ჩიხლაძეს, თინიკო კლდიაშვილს, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ გარემოს, რასაც ჩვენი პედაგოგები ქმნიდნენ სტუდენტებისთვის.
– თავიდანვე ყურადღება მიიქციეთ ბატიკის ორიგინალური და არატრადიციული მეთოდებით. ფერთა ფაქიზ და უცნაური შეხამების ოსტატსაც გეძახიან. და მაინც რას იტყვის მნახველი ია არსენიშვილი მხატვარ ია არსენიშვილზე?
– აბსტრაქციასთან შერკინება არ გამჭირვებია, ვგრძნობდი – როგორი საჭირო ყოფილა ის აკადემიური განათლება, რომელიც 6 წელი აკადემიაში და 10 წელი სამხატვრო სკოლაში გავიარე.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემთვის ცისფერ გალერეაში პირველი პერსონალური გამოფენა იყო. მაშინ ეროვნული გალერეა ერქვა და ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა.
გამოფენის თხოვნით რომ მივედი, გალერეის მოადგილემ უარით გამომისტურმა, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ეს დარბაზი კი ყველაზე დიდი მხატვრებისთვის არისო. ამ დროს ბატონმა თემო გოცაძემ დატუქსა მოადგილე, სწორედ ნიჭიერ ახალგაზრდებს უნდა შევუწყოთ ხელიო. მოკლედ, 3-5 დღეში ჩემი გამოფენა დაინიშნა, და აქედან დაიწყო წარმატებები. იმავე წელს პროფესორ-მასწავლებლები მოვიდნენ, მთელი მხატვართა კავშირი გვერდით დამიდგა, როგორ აღარ შემაქეს, მადლობა ღმერთს, თავში არ ამვარდნია.
იმ წელს მხატვართა კავშირში მიმიღეს, მერე წლის საუკეთესო მხატვრის პრემიაც მომცეს. ყოველ წელს ახალ გამოფენას ვაწყობდი და წარმატება მქონდა, მაგრამ ჩემი თავისგან მეტს ვითხოვდი.
მერე ბიოგრაფიულ ცნობარში – „ვინ ვინ არის საქართველოში“, შემიყვანეს. სულ გადავირიე, რა გავაკეთე საამისო-მეთქი… და… თავჩაქინდრული ვმუშაობდი.
ხოლ როცა თბილისის ენციკლოპედიაში, ფიროსმანზე რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით ვიპოვე ჩემი სახელი და გვარი, არ მეგონა, თუ ჭკუიდან არ შევიშლებოდი სიხარულისგან.
ამიტომ სტუდენტებს და ჩემს მოსწავლეებს სულ ვაქებ, მინდა, რომ ყველამ თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს, ამის ერთადერთი პირობა ძალიან დიდი სიყვარულია. როცა რაღაცა გიყვარს, აუცილებლად წარმატებული იქნები. მთავარია, გიყვარდეს. მე ხატვის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.
ყოფილა პერიოდები, რომ არ მიხატია, მაგრამ გონებაში მაინც სულ ვხატავდი.
– ფერწერას მეუღლის წყალობით დაუბრუნდით… იმ წლებში ჭირდა საღებავების შეძენა და მეუღლე ამოგიდგათ მხარში, რომელიც მერე მძარცველის ტყვიამ იმსხვერპლა… თბილისის ისტორიის მუზეუმში გამართული გამოფენაც – „მარად უკვდავი სიყვარული” სწორედ მეუღლის ხსოვნას მიეძღვნა…
– მქონდა ჩავარდნებიც – მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის მერე გაჩნდა ჩემი ოქროსქოჩრიანი ბიჭი – გიორგი, მე აღარ ვხატავდი, როდესაც ხატავ, სხვა რამეზე არ უნდა იფიქრო, უბრალოდ ვერ იფიქრებ. ამას ჩვენ – მხატვრები შემოქმედებით წვას ვეძახით. შემოქმედებით ხატვას თვითშეწირვა სჭირდება. არ ვიცი, ალბათ სხვა სპეციალობასაც. ჩემი არცერთი შვილისთვის მხატვრობა არ მდომებია – ძალიან რთულია, ყოველდღე ბრძოლა გიწევს ყოფით პრობლემებთან, ხატვა კი მოითხოვს, რომ როცა ტილოსთან ხარ, არავისზე და არაფერზე არ იფიქრო, ამიტომ ცხრა წელი შეწყვეტილი მქონდა ხატვის პროცესი.
ჩემი ბიჭი 9 წლის რომ გახდა, მითხრა, დედიკო, რატომ არ ხატავ, შენ ხომ მხატვარი ხარო?! ეს მითხრა და მივხვდი, რომ უკვე გაიზარდა და ხატვაც შემეძლო. მას მერე ბევრს ვმუშაობ.
„ზოგჯერ მგონია, რომ თითოეულ ჩვენგანში რამდენიმე ხასიათი, რამდენიმე განწყობა, რამდენიმე ბუნება ცხოვრობს… ხან მეოცნებე, ხან მებრძოლი, ხან მხიარული, ხან სევდიანი… თითქოს მივდივართ და რამდენიმე ჩრდილი მოგვყვება.. ყველა ჩვენია, და ყველა ერთად ჩვენ გვქმნის“, – ასეთი წარწერა გაქვთ ერთ–ერთ ტილოზე… და მაინც, რომელი ბუნება ცხოვრობს მხატვარ ია არსენიშვილში?
– უბედნიერი ვარ, მიხარია, რომ ძალიან კარგი შვილები მყავს, მიუხედავად იმისა, რომ წუწუნებენ, სუნია სახლში, ადგილი აღარ არის, ერთი ადგილი მაინც დატოვეო…
მაინც მოთმინებით მიძლებენ, ასევე მიძლებენ მეგობრები სამსახურში, კოლეგები. ძალიან მერყევი და ცვალებადი ვარ, ერთ საათში შემიძლია ათჯერ შევიცვალო გადაწყვეტილება. ნახატშიც ასე ვარ, შეიძლება დავიწყო სპილოს ხატვა, ოც წუთში თევზად ვაქციო, მერე ორ-სამ დღეში – პეიზაჟად, ან სახლად… ხატვას რომ დავიწყებ, ბოლოს არ ვიცი, რა დაიხატება. ხასიათიც ასეთი ცვალებადი მაქვს. ყველა გვერდით მდგომს ალბათ იმიტომ ვუყვარვარ, რომ საურთიერთობოდ იოლი არა ვარ.
– თქვენი ნახატები თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია დაცული…
– ეს მხატვრისთვის დიდი ბედნიერებაა, რომ სიცოცხლეშივე. მას მერე ძალიან ბევრს ვმუშაობ.
– როგორ მუშაობთ?
– სანამ ნახატთან მივალ, ძალიან ბევრს ვფიქრობ, შეიძლება ერთი კვირა ფუნჯი არ ავიღო, მაგრამ მე ვხატავ გონებით.
ჩანახატებს და ესკიზებს არასდროს ვაკეთებ. პირდაპირ ტილოსთან ვჯდები. სანამ მივალ ტილოსთან, ძალიან ბევრს ვფიქრობ. „დე, ისვენებ“? – მეკითხებიან ხოლმე შვილები, არადა არ ვისვენებ. რომ ვწევარ, მაშინაც ვფიქრობ ყოველ დეტალზე, ფერზე. გონებაში ვხატავ. როცა ტილოსთან მივალ, მერე შესაძლოა, წამებშიც გადავიტანო ტილოზე ნაფიქრი…
საერთოდ ძნელია ნახატის დაწყება და მერე დამთავრება. გააჩნია, ზოგი ნახატი ძალიან მალე მთავრდება, ზოგი თვეები გრძელდება.
ერთი უცნაურობა მახასიათებს, ჩემი ნახატები არასოდეს მომწონს. პერიოდი რომ გავა, დავასრულებ კოლექციას, ძალიან მომწონს, მერე ფოტოებს გადავიღებთ, მოვა ფოტოგრაფი და ძალიან ბედნიერი ვარ, აუცილებლად უნდა დავისვენო. სულ ხატვა არ შემიძლია, უნდა მომენატროს, სიგიჟემდე უნდა მენატრებოდეს ხატვის პროცესი. მერე რომ დავჯდები და გადავხედავ, აღარ მომწონს. როგორც კი მხატვარს მოეწონება თავისი ნახატები, მაშინვე მოკვდება, როგორც მხატვარი.
როგორ მიხარია, რომ რაღაც პერიოდის მერე ჩემი ნახატები საერთოდ აღარ მომწონს, ახალ აღმოჩენებს, ექსპერიმენტებს ვიწყებ. ერთი და იგივე თემას არასოდეს ვიმეორებ.
– თქვენი ნახატები ერთმანეთს არ ჰგავს….
– სულ ვეძებ, მინდა, რომ ახალი ვიპოვო. როცა პერსონალური გამოფენა მაქვს, უჭირთ დაჯერება, რომ ერთი მხატვრისაა. ჩემი მხატვრობა ძირითადად მაინც აბსტრაქციაა. კი მაქვს რეალიზმიც, მაგრამ რეალიზმი მაინც აბსტრაქცია გამომდის.
– თეთრიწყაროში საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ გახსენით, სადაც მრავალი საღამო და გამოფენები ტარდება. ამ სახლთან დაკავშირებით საინტერესო გეგმები გაქვთ…
– ბოლოხანს როგორც მხატვრობაში, ტურიზმშიც იგივე წარმატებებს მივაღწიე. პერიოდები მაქვს, როცა არ ვხატავ და რაღაც უნდა დაგროვდეს. ენები ვიცოდი და გიდად დავიწყე მუშაობა. ჩავაბარე, ვისწავლე. ძალიან მომეწონა ტურისტებთან ურთიერთობა. მათგან დიდი დადებითი აურა მოდის, ისინიც გიყვებიან თავის ქვეყანაზე, შენც უყვები, იზრდები ამ ურთიერთობაში.
სამი წლის მანძილზე მთელი ზაფხული ასე ვიმუშავე, მერე, ზამთარში, კარგად ვხატავდი, ასე გაჩნდა მხატვრის სახლის დაარსების იდეაც.
თეთრიწყაროში ჩემი სახლი მხატვრის სახლად გადავაკეთე, ეს არის მრავალფუნქციური ტურისტული ობიექტი, სადაც ტარდება მასტერკლასები, მხატვრები ჩამოდიან, გამოფენებს ვაწყობთ, ბოლოს საოჯახო სასტუმროს ფუნქციაც შეითავსა. საძინებლებიც და სხვა რაღაცებიც დავამატე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მთელ ქვემო ქართლსა და ჯავახეთში.
მხატვრის სახლიც აუცილებელ ნახატივითაა. ეს საქმეც ძალიან შემიყვარდა. მართალია, ჰობია, მაგრამ არაფერი სჯობს იმ განცდას, ბედნიერი ტურისტი რომ მიდის, გემშვიდობება, ჩაგეხუტება და მადლობას გეუბნება… ყველაფერი, რაშიც სიყვარულს ჩადებ, აუცილებლად შედეგს გამოიღებს – დღეს, ხვალ, ზეგ არა, ოდესმე – მაინც.
სასტუმრო 6 წელია მაქვს, ნელ-ნელა ემატებიან ტურისტებიც და თუკი რამე ღონისძიება ტარდება ქვემო ქართლში, მეამაყება, რომ მხატვრის სახლი მასპინძლობს.
თამარ შაიშმელაშვილი