იტალიაში კორონავირუსის აფეთქების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა.
2 დღის წინ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიიდან სპეცრეისით ის მოქალაქეები ჩამოიყვანეს, ვისაც ორი კვირით ადრე ჰქონდა თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნილი და საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გამო რეისები გაუქმდა.
თუმცა იტალიაში არაერტი ქართველი რჩება და როგორც მთელი ქვეყანა, ისინიც სახლებში, იზოლაციაში იმყოფებიან.
„რეგიონული კვირა“ იტალიაში დარჩენილ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა. ნატო რობაქიძე ჩვენთან საუბარში დეტალურად ყვება, თუ რა ვითარებაა ამ წუთებში იტალიაში. მისი განმარტებით, ქუჩაში გადაადგილებაც გამკაცრებულია და კონტროლდება. იტალიის მთავრობამ მოქალაქეებს სპეციალური ბლანკები დაურიგა, სადაც შესაბამის კითხვარს ავსებენ, თუ რა აუცილებლობის გამო უწევთ ქუჩაში გადაადგილება.
„მე ჩრდიოლოეთ იტალიაში ვარ, ყველაფერი ძალიან არის გამკაცრებული. გვარდია არის ქუჩაში გამოსული და თითოეულ მოქალაქეს ამოწმებენ. აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ბლანკი, სადაც იქნება ჩაწერილი თუ სად მიდის და რა დანიშნულებით, სამუშაო ადგილას თუ მაღაზიაში. თუ ეს ბლანკი არ ექნება, დაწესებულია ძალიან მაღალი ჯარიმა ან სამთვიანი შინაპატიმრობა. მაღაზიები და აფთიაქები ღია იყო, თუმცა დღეს მათი უმრავლესობა დაიკეტა. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, ისიც განსაზღვრული გრაფიკით. ჩემი აზრით, სწორედ ამ ბოლო დღეებში ერთიანად იფეთქა იტალიაში პანიკამ. იმ ქუჩებში, რომლებიც სავსე იყო ხალხით, დღეს ერთ ადამიანსაც ვერ დაინახავთ”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ქართველი ემიგრანტი ნატო რობაქიძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში დაიქსირდა. სადაც პირველი შემთხვევა 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა. მას შემდეგ, კორონავირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. იტალიაში ბოლო მონაცემებით, 15 113 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 651 ადამიანს დაუდგინდა, გარდაცვლილი კი 3 169 ადამიანია.
ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.
დღეიდან, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.