არჩილ თალაკვაძე: კორონავირუსთან დაკავშირებული სცენარების დასარეგულირებლად პარლამენტში სპეციალური ბრძანება გამოიცემა, რომელიც თანამშრომლებსა და პარლამენტის წევრებს შეეხება
„გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც დეპუტატებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლო სიტუაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, პარლამენტში ეპიდკონტროლის ზომები არის მიღებული, რაც შემდგომში, კიდევ უფრო გაფართოვდა.
“მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც დეპუტატებსა და თანამშრომლებს შეეხებათ და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლო სიტუაციას – ეს იქნება ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების თვითიზოლაცია, კარანტინში განთავსება თუ დისტანციური მუშაობა – ამასთან დაკავშირებული განაცდური დღეები და სხვა საკითხები ბრძანებით დარეგულირდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არცერთი დეპუტატი და პარლამენტის აპარატის არცერთი თანამშრომელი კარანტინში არ იმყოფება და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. მეტი სიფრთხილისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს საჯარო ღონისძიებების რაოდენობის შეზღუდვისკენაც მოუწოდა.
არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას და შედეგით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.