„ვცდილობ ქალზე შექმნილი სტერეოტიპები დავამსხვრიო“,- ფეხბურთელი გოგო ახალციხიდან (ვიდეო)
სტადიონი, ბურთი, სპორტული სამოსი და სასტვენის ხმა ნილა ბლუაშვილისთის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი 9 წლის ასაკიდან გახდა. 16 წლის გოგო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეა. სწავლის პარალელურად გოგონათა საფეხბურთო გუნდის „ზარზმის“ წევრია. ამბობს, რომ სპორტისკენ მიდრეკილება ბავშობიდან ჰქონდა.
ნილა „რეგიონულ კვირას“ უყვება, რომ თავისი ჰობით ცდილობს, ქალზე შექმნილი სტერეოტიპები დაამსხვრიოს. იხსენებს, რომ მას ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. საზოგადოების ნაწილი მის გადარწმუნებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, მათ შორის იყვნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა ნილა დღეს შემდგარი ფეხბურთელია და კარიერული წინსვლისთვის იბრძვის.
„ყველა მეუბნებოდა, რად გინდა სპორტი, გოგო ხარ და შენი საქმე არააო. ბიჭებთან ერთად თამაშს როცა ვცდილობდი, მეგობარ გოგონებთან ერთად, დაგვცინოდნენ, მეუბნებოდნენ ფრჩხილი არ მოგტყდესო და მსგავსი რაღაცები, თუმცა ფეხბურთზე უარი ვერავინ მათქმევინა, პირიქით მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჩემი მშობლების პირველი რეაქციაც უარყოფითი იყო, თუმცა რომ მხედავდნენ თამაში კარგად შემეძლო და ამ სფეროში გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე, ამის შემდეგ, პირიქით ხელსაც მიწყობენ“, – გვიყვება ნილა.
გოგონათა გუნდში შემთხვევით მოხვდა. ერთ-ერთ შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ, მას ახალციხელი მწვრთნელი გელა მაისურაძე დაუკავშირდა და გუნდში თამაში შესთავაზა, რაზეც ნილამ უარი არ თქვა. როგორც თავად ამბობს, მისთის ეს შეთავაზება ახალ გამოწვევა იყო.
„სკოლიდან დავდიოდი შეჯიბრებებზე. კლასელებთან ერთად სულ ვვარჯიშობდი და ერთხელაც, როცა კოკა-კოლას თასის ჩემპიონატი მოვიგე რამდენიმე თვეში დამიკავშირდა ბატონი გელა მაისურაძე და შემომთავაზა მის გუნდში მეთამაშა. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რომ დამემტკიცებინა საზოგადოებისთის ჩემი შესაძლებლობები და ის, რომ ქალისთის შეუძლებელი არაფერია“,- ამბობს ფეხბურთელი.
ვარჯიშს და ბურთთან ურთიერთობას ყოველდღე ცდილობს. სტადიონს დღეში რამდენიმე საათს უთმობს და მეგობრებთან ერთად მოედანზე საკმაოდ დიდ დროს ატარებს. ფიქრობს, რომ პროფესიონალურ ფეხბურთს არ გაყვება და თუ სტუდენტი გახდება, ფეხბურთი მის ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი გახდება, მაგრამ დავიწყებით არასდროს დაივიწყებს.
მედეა ლომიძე