სამეგრელო-ზემო სვანეთს რეგიონში თვითიზოლაციას, ამ დროისთვის 17 ადამიანი გადის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას ინფორმაციით, საქართველოდან 4 იტალიელი ტურისტი უკვე გაემგზავრა და არცერთ მათგანს Covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. გამგზავრების პროცესში ისინი თავს კარგად გრძნობდნენ.
„თვითიზოლაციას, ამ დროსითვის, 17 ადამიანი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. 1 – სენაკში, 2 – აბაშაში, 9 – ზუგდიდიში, 1 – წალენჯიხასა და 4 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტში. არცერთ მათგან ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება. პროტოკოლის მიხედვით, მათთან დღეში ორჯერ გვაქვს სატელეფონო შემოწმება და ყველა მათგანთან ვიმყოფებოდით ბინაზე, რათა გვენახა ის სივრცე, სადაც გადიან თვითიზოლაციას“, – თქვა ნანა ოდიშარიამ.
მისივე განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, არცერთი პაციენტი არ არის.