„ყვავილების ქვეყანა“ ქალბატონებისთვის – როგორ იქმნება გაზაფხულისთვის შესაფერისი ლამაზი აქსესუარები
თბილისში დაიბადა. სამუსიკო სკოლა ვიოლინოს სპეციალობით დაამთავრა, თუმცა ისე მოხდა, რომ მუსიკას აღარ გაჰყოლია, ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა..
აქსესუარების კეთება ყოველთვის უყვარდა, ბავშვობიდან ხან რას აკეთებდა და ხან – რას. 2 წლის წინ კი ინტენსიურად დაიწყო ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება. ამბობს, რომ ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია. – თვითნასწავლი ხელოვანის, ანა თავშავაძის პერსონა.
– ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. მაკრატელი მეჭირა და ვჭრიდი ყველაფერს. ხშირად დამიჭრია უფროსების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ცოტა რომ წამოვიზარდე, თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელს, ხშირად ვუცვლიდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბავშვურად ვერთობოდი და სიამოვნებას მანიჭებდა, სამაჯურებს და ყელსაბამებს ვაკეთებდი. თიხისგანაც გამიკეთებია საყურეები.
– სამუსიკო საშუალო სკოლა ვიოლინოს სპეციალობით დაამთავრეთ, რატომ აღარ გაჰყევით მუსიკას?
– როდესაც მუსიკაზე დავდიოდი, მაშინ იმდენად არა, მაგრამ რაც თავი დავანებე, მერე უფრო შემიყვარდა და დავაფასე. ვიოლინო გამორჩეულად მიყვარს.
– სპეციალობით ტურიზმის მენეჯერი ხართ. სტუდენტობის წლები? პარალელურად თუ აკეთებდით აქსესუარებს?
– სტუდენტობის წლები ძალიან კარგად მახსენდება, სწორედ სტუდენტობის დროს გავიცანი ჩემი მეუღლე, ერთ კურსზე ვსწავლობდით და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. სტუდენტობის დროს თიხისგან ვაკეთებდი აქსესუარებს, მაგრამ ჩემთვის. ჩანთებსაც ხშირად ვიკერავდი ხელით.
– ორი წელია აქსესუარებს ამზადებთ… თქვენი გვერდიც – Anuka’s beads გაქვთ ფეისბუქზე…
– რაც დავოჯახდი, დიდი ხანია არაფერი გამიკეთებია. ვერ ვიცლიდი, თუმცა რაიმეს კეთების მოთხოვნილება სულ მქონდა. ჩემი და – სოფიო თავშავაძე მუშაობს ხელნაკეთ აქსესუარებზე, პოლიმერულ თიხაზე, მას ის უფრო ეხერხება და სწორედ მან შემომთავაზა, უფრო სწორად, გამახსენა, ხომ არ ცდიდი, გულსაბნევების დამზადებასო… მაშინ დავიწყე და აღარც გავჩერებულვარ. უამრავი ადამიანი მეხმიანება, ვისაც მოსწონს ხელნაკეთი აქსესუარები და აფასებს მათ. მიკვეთავენ თავიანთთვის და საჩუქრებად.
– და მაინც, რომელ აქსესუარზეა ყველაზე მეტი მოთხოვნილება?
– დიდი მოთხოვნილებაა ანგელოზებზე, არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, ყოველთვის აქტუალურია, ასევე მოსწონთ შემოდგომის ფოთოლი გარდამავალ ფერებში.
– უამრავი ადამიანი მისდევს ხელსაქმეს. როგორ უნდა მოახერხო, რომ არ ჰგავდე სხვას?
– ვფიქრობ, ყველას ინდივიდუალური ხელწერა აქვს, რაც არ უნდა ვცადო, ზუსტად იგივე არ გამომივა. მრავალჯერ შეუკვეთავთ ინტერნეტში მოძიებული ნივთი, მაგრამ როგორც არ უნდა მოინდომო, ზუსტი ანალოგი არ გამოდის.
– როგორ მუშაობთ?
– ყოველ ნივთის შექმნას ზუსტად ისე განვიცდი და ვნერვიულობ, როგორც პირველზე. ყოველთვის ვფიქრობ, დავაკმაყოფილო მომხმარებლის მოთხოვნილება, რომ უკმაყოფილო არ დარჩეს. ბევრჯერ, როდესაც ვიწყებ რაიმეს კეთებას და წარმოვიდგენ, როგორი უნდა იყოს, გზადაგზა შემიცვლია დეტალები და, საბოლოოდ, სულ სხვანაირი გამოსულა – ბევრად უფრო ლამაზი გამოსულა, ვიდრე წარმომედგინა.
– როგორ შეიქმნა გულსაბნევი – „საქართველოს რუკა“?
– საქართველოს რუკას მიკვეთავენ როგორც აქ მცხოვრები ქართველები, ასევე ემიგრანტები, ან საჩუქრად მიაქვთ ემიგრანტებისთვის.
– გაზაფხული მოდის, რა სიახლეებს სთავაზობთ გულსაბნევების მოყვარულთ?
– უამრავი ფერადი და ლამაზი აქსესუარის გაკეთებას ვგეგმავ გაზაფხულისთვის. უკვე დავიწყე და აუცილებლად კიდევ შევამატებ ჩემს გვერდს გაზაფხულისთვის შესაფერის უამრავ ლამაზ აქსესუარს.
სხვადასხვა ფერის ბრდღვიალა ყვავილებს, ფერად-ფერად პეპლებს…
ბევრი რამის გაკეთება მინდა, თუმცა თითოეული ნივთი ძალიან დიდ შრომას და დროს მოითხოვს.
– გამორჩეულია თმის სამაგრი – „ყვავილების ქვეყანა“...
– ინტერნეტში ბევრი ვნახე ბისერებით შექმნილი საქართველოს რუკა, თუმცა რაიმე უფრო განსხვავებულის შექმნა მინდოდა და გავაკეთე ყვავილების „ფარფლებით“ – ჯერ გულსაბნევი, შემდეგ შემიკვეთეს თმის სამაგრი.
– რა მასალისგან ამზადებთ აქსესუარებს?
– ვმუშაობ თითქმის ყოველთვის. რაიმე ნივთს რომ დავიწყებ, ვერ ვისვენებ, სანამ ბოლომდე არ მივიყვან. ვიყენებ თექას, ჩეხურ ბისერს, მინის თვლებს, ტყავს.
– ჰობი აქციეთ მთავარ საქმედ…
– დიახ, სწორედ ეს არის ჩემი ჰობი და განტვირთვაც.
– ოჯახი…
– ძალიან კარგი მეუღლე მყავს (რომელიც ყოველივე ნივთის პირველი შემფასებელია და ძალიან მიწყობს ხელს, რომ ვაკეთო ის, რაც მაბედნიერებს), 10 წლის ბიჭი, მშობლები და და, რომელიც ჩემთვის ყველაფერია.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები...
– პერსონალური გამოფენა არასდროს მქონია, თუმცა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობ. ვერ ვასწრებ ნივთების მოგროვებას, ძირითადად შეკვეთებს ვიღებ. სამომავლოდ რაიმე განსაკუთრებულს არ ვგეგმავ. რა თქმა უნდა, ვცდილობ, უფრო წინ წავიდე და განვვითარდე.
თამარ შაიშმელაშვილი