ცეკვა და პოლიტიკა – პირველი ქართველი, ვინც ბალეტის ხელოვნება უნივერსიტეტის დონეზე შეისწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში
ქართული ცეკვაზე და სიმღერებზე ბავშვობიდან დადიოდა. ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაც დაამთავრა. დამოუკიდებელი ცხოვრება კი 15 წლის ასაკში დაიწყო, როგორც პერსპექტიულმა და წარმატებულმა ბალერინამ, მოწვევა მიიღო უფროსი ჯორჯ ბუშის ხელშეწყობით დაარსებული ვაშინგტონის საბალეტო სკოლიდან. ორი სპეციალობის მფლობელია – ცეკვის ხელოვნებისა და პოლიტიკური მეცნიერების.
ცეკვავდა „ატლანტიკ სითი ბალეტში“, „ალაბამის ახალგაზრდულ ბალეტსა“ და „ბრაიტონ ბალეტში“. ასევე მუშაობდა ნიუ–იორკის ცნობილ საბალეტო სტუდიებში – „გიბნი დანსსა“ და „სტეპში“.
იგი პირველი ქართველია, ვინც ბალეტის ხელოვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტის დონეზე შეისწავლა.
25 წლის ასაკში შეერთებულ შტატებში საქართველოდან ახალგაზრდა ელჩი იყო. მისი ორგანიზებით მრავალი წარმატებული საღამო ჩატარდა.
ამერიკული საბალეტო კომპანიის, Smashworks Dance Company-ის ადვოკატირების, ანუ ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების დირექტორია. მერვე წელია ბალეტის პედაგოგია. ჩართული იყო ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაშიც.
ამბობს, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, თუმცა აუცილებლად გააგრძელებს საქმიანობას საერთაშორისო უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სფეროშიც. – ბალერინის, პოლიტოლოგისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, ანა ლეჟავას პერსონა.
– ბავშვობიდან ყველზე მეტად დამამახსოვრდა და ახლაც თან დამყვება ჩემი ოჯახის წევრების მიერ გამოხატული ყურადღება და სიყვარული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ყოველთვის დაკავებული დატვირთული ბავშვობა მქონდა. ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი და დავდიოდი სიმღერაზე. 10 წლის ასაკში ჩავატარე რამდენიმე სოლოკონცერტი რკინიგზელთა კულტურის ცენტრში. მახსოვს ბევრი ადამიანი, რომლებაც ბავშვებს მაშინ ცხოვრება გაულამაზეს.
– ცეკვამდე ბალეტზე დადიოდით. ჭაბუკიანის საბალეტო სკოლა დაამთავრეთ…
– ჭაბუკიანი თავის დროზე განსაკუთრებული ადგილი იყო, ცალკე სამყარო. უძლიერესი აკადემური სწავლება იყო ბალეტთან ერთად. დღემდე მიყვარს და მაქვს ურთიერთობა ჩემს პედაგოგებთან, განსაკუთრებით ჩემი ბოლო ბალეტის პედაგოგთან, ნინა დიდებულიძესთან. მან ბევრი რამ მასწავლა.
– 15 წლის ასაკში, როგორც პერსპექტიულმა და წარმატებულმა ბალერინამ, მოწვევა მიიღეთ ვაშინგტონის საბალეტო სკოლიდან, რომელიც უფროსი ჯორჯ ბუშის ხელშეწყობით დაარსდა. ფაქტობრივად, აშშ–ში დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყეთ. თქვენი მაშინდელი განცდები…
– ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მენატრებოდა ჩემი ოჯახი და საქართველო, თუმცა კონკრეტული მიზანი მქონდა და ბევრი შრომა მიწევდა. მალე ეს აკადემიაც ჩემი ოჯახი გახდა.
– ცეკვავდით „ატლანტიკ სითი ბალეტში“, „ალაბამის ახალგაზრდულ ბალეტში“ და „ბრაიტონ ბალეტში“. ასევე მუშაობდით ნიუ–იორკის ცნობილ საბალეტო სტუდიებში – „გიბნი დანსსა“ და „სტეპში“… რას გაიხსენებთ იმ წლებიდან?
– გასახსენებელი ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია არაჩვეულებრივი ხელოვანები და ადამიანები, რომლებთან მუშაობამაც მომიწია. ყოველთვის განსაკუთრებით მომწონს ამერიკელების მიდგომა, რომ თუ რამეს მოისურვებ, ყველაფერი შესაძლებელია.
– საბალეტო ხელოვნების პარალელურად საერთაშორისო პოლიტიკის ფაკულტეტი დაამთავრეთ… როგორ შეუთავსეთ ერთმანეთს ბალეტი და პოლიტიკა?
– უბრალოდ, ორი ფაკულტეტის დამთავრების საშუალება მქონდა. პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ბალეტის ხელოვნება უნივერსიტეტის დონეზე შეისწავლა ამერიკაში. პოლიტოლოგიით და ისტორიით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი და, შესაბამისად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მისი შესწავლის საშუალება მომეცა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 4 წლის განმავლობაში არ მეძინა. ორჯერ მეტი კრედიტებისა და ლექციების აღება მიწევდა.
– 25 წლის ასაკში შეერთებულ შტატებში საქართველოდან ახალგაზრდა ელჩი იყავით. კურირებდით საქართველოს პოპულარიზაციის საკითხებს, კულტურულ და გაცვლით პროგრამებს შეერთებულ შტატებში. ჯორჯ ბალანჩინის საღამო ჩაატარეთ. თქვენი პროექტებიდან რომელი იყო წარმატებული მაშინ?
– ბევრი წარმატებული ღონისძიება ჩავატარეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ბალანჩინის საღამო იყო. ამ საღამოსთვის სპეციალურად ჩემმა მეგობარმა და ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა მედეა ასათიანმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ბალანჩინის ოჯახზე; გამოჩენილმა ქართველმა ქორეოგრაფმა ირაკლი შენგელიამ შეასრულა საკუთარი ქორეოგრაფია და ბრუკლინის ქართული ცეკვების ანსამბლმა „ფესვებმა“ იცეკვა გია ყანჩელის მუსიკაზე დადგმული ქართული თანამედროვე ცეკვა, რომელიც მე და შორენა ბარბაქაძემ დავდგით.
საღამოს ესწრებოდნენ ცეკვის სამყაროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. საღამო გახსნა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ელჩის მოადგილემ ელენე აგლაძემ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო ის, რომ პანელდისკუსიაში მონაწილეობდა გამოჩენილი ამერიკელი მწერალი ელიზაბეტ კენდელი, რომელიც ბალანჩინის ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორია.
– ჩართული იყავით ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაში, ახლო ურთიერთობა გქონდათ ჩელსი კლინტონთან…
– საინტერესო გამოცდილება იყო. ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ ჩელსი გვერდში უდგას დედას და მისი დიდი გულშემატკივარია.
– ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ მონაწილეობის შემდეგ სოციალურ ქსელში ერთი პარტიის მხარდამჭერების მიერ უარყოფითი კომენტარები დაიწერა… მათ საჯაროდ უპასუხეთ. როგორც პოლიტიკის მეცნიერებათა სპეციალისტი, როგორ შეაფასებთ საქართველოს შიდაპოლიტიკურ ძალებს?
– დღეს პოლიტიკური არენა საშინლად პოლარიზებულია, სახელმწიფოებრიობის განცდისა და პასუხისმგებლობის ნაკლებობაა. ეს სამწუხაროა.
– ჰობი…
– ყველაზე მეტად მიყვარს ბილიარდის თამაში, მეხმარება განტვირთვაში.
– ოჯახი, თქვენი დაც ხელოვანია…
– ჩემი და სოფო ლეჟავა ხელოვანი, მსახიობი და კლასიკური პიანისტია. დეიდაც მხატვარია და გერმანიაში მოღვაწეობს.
– ამერიკული საბალეტო კომპანიის Smashworks Dance Company-ის ადვოკატირების, ანუ ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების დირექტორი ხართ. გჯერათ, რომ ხელოვნებასა და შემოქმედებას აქვს იმის ძალა, რომ საზოგადოება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს… როგორ ახერხებს თქვენი ცეკვის კომპანია ხელოვნების სცენის მიღმა გატანას?
– რომ არ მჯეროდეს, ამ საქმეს არ გავაკეთებდი. ხელოვნებას ადამიანებში შეგრძნებებისა და ემოციების გაღვივება შეუძლია უფრო მეტად, ვიდრე დაწერილ არწარმოთქმულ სიტყვას. შემდეგ ეს ემოციები ადამიანის მსოფლმხედველობაზე ახდენს გავლენას, და იმედია, უკეთესობისკენ ცვლიან.
– მიშელ ობამამ ბიოგრაფიული წიგნის წარდგენაზე „სმეშის“ მთელი დასი მიგიწვიათ და საქმიანობაში მხარდაჭერა აღგითქვათ… როგორ გაგრძელდა ეს დაპირება?
– მოლაპარაკებების პროცესში ვართ.
– მერვე წელია ბალეტის პედაგოგი ხართ… ქართველი მოსწავლეები თუ გყავთ?
– ქართველები ამჯერად არა, მაგრამ აკადემიას, სადაც ვასწავლი, ბევრი ქართველი სტუდენტი ჰყოლია და ჰყავს კიდეც. ალბათ ყველა მასწავლებელს ასე ჰგონია, მაგრამ ჩემი მოსწავლეები უზომოდ ნიჭიერები არიან, რომლებმაც აქეთ ბევრი მასწავლეს და ძალიან დიდი სიყვარული მომცეს.
რომ ხედავ, ისინი პატივს გცემენ, ეს მასწავლებლისთვის ყველაფერია. ვცდილობ მათთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს.
– ამერიკიდან დანახული საქართველო – როგორია ის და როგორი წარმოგიდგენიათ მომავლის საქართველო?
– საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება, ბევრი მუშაობის შემდეგ, რა თქმა უნდა. მთავარია, ამის სურვილი არ დავკარგოთ და არ შევეჩვიოთ მუდმივ სისუსტეს, წაგებას და ერთმანეთში შუღლს..
– ამბობთ, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. და მაინც კარიერა საით გადაიხრება – დიპლომატიური საქმიანობისკენ?
– ქორეოგრაფიას და ცეკვას არასდროს შევწყვეტ, თუმცა ჩემთვის ყველაზე არსებითია იმ პრობლემების გადაჭრა, რასაც მე ვხედავ ყველაზე მნიშვნელოვნად. ამ პრობლემების გადასაწყვეტად კი, სამწუხაროდ, ცეკვა და ქორეოგრაფია ამჯერად არ მეყოფა, ასე რომ, აუცილებლად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროში.
თამარ შაიშმელაშვილი