ნათია თურნავა – ბიზნესისთვის ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთა ნაწილიც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს გავაცანით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, ბიზნესთან შეხვედრები პერიოდულად იმართება, თუმცა დღევანდელი შეხვედრა კონკრეტულად პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” განხილვას მიეძღვნა.

„საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს ბიზნესისთვის და ამ მხრივ, ბევრი სალაპარაკოც. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ინიციატივა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, რომელიც აქამდე მხოლოდ ქონების პრივატიზებას მოიცავდა და ამ რამდენიმე ხნის წინ გამდიდრდა წიაღის კომპონენტით. ამასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვაქვს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ ბიზნესთან, მათ შორის – მიწაზე გამარტივებული წვდომა ინ კომპანიებისთვის, რომელთაც ვალდებულება აქვთ აღებული, რომ არა მარტო მოიპოვონ, არამედ გადაამუშაონ წიაღისეული. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას საქართველოში და რაც შეიძლება ადამიანი დასაქმდეს საქართველოში”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.
შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს ორგანიზებით შედგა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს” ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსი გიორგი ჩერქეზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები