ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროგრამაზე ინფორმაცია მიაწოდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს შესახებ კვლევაზე მუშაობენ.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სხვადასხვა უწყებების მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მათ შორის, მინისტრმა უცხოელ სტუდენტებს გააცნო ისეთი პროგრამები, როგორიცაა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს,” სტარტაპების განვითარებისა და „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე გრანტების პროგრამები, ასევე პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის,” რომელიც უშუალოდ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ნათია თურნავამ სტუდენტებთან ასევე დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, ტურიზმისა და საკურორტო ზონების განვითარებაზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის როლზე, ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე და სხვა.
ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.