არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მუშაობს 2020 წლის პრიორიტეტებზეც, რომელსაც უახლოეს მომავალში კომიტეტებში კონსულტაციების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ

„პარლამენტი მუშაობს 2020 წლის პრიორიტეტებზეც, რომელსაც უახლოეს მომავალში კომიტეტებში კონსულტაციების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ. მათ შორის განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, კრიტიკული იქნება ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა განათლების სისტემის დაფინანსებაზე მთავრობის მისამართით”,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს დაეფუძნება და უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფრო სამართლიან წესებს, პარტიებისთვის დაფინანსების ახალ სისტემას, თანაბარ წვდომას მედიაზე, პოლიტიკაში და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, საჩივრების განხილვის ვადების დაზუსტებას, მეორე ტურის ჩატარების წესებს და სხვა სიახლეებს მინდა, გამოვხატო ინტერესი ცალკე აკვაკულტურის შესახებ პაკეტის შესახებ- რომლის მიზანია ეკონომიკის ამ სექტორის გაძლიერება, წარმადობის გაზრდა და შიდა მოთხოვნის უფრო მეტად უზრუნველყოფა; ასევე, ჩვენი პრიორიტეტი იქნება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები – რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებს და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან, შეზღუდავს თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაწყებული გვაქვს მუშაობა სტუდენტების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც შექმნის სტუდენტობის პერიოდში სოციალური უფლებების და ბენეფიტების, სტაჟირების და დასაქმების ახალ მექანიზმებს და ახალ შესაძლებლობებს. ამ პროცესში გვსურს ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და პაკეტის შემუშავება მათი ჩართულობით; ვიმუშავებთ „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტზე, ასევე მივიღებთ ტყის კოდექსს” რომელიც უზრუნველყოფს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მდგრადობას და ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას; განათლების სისტემის დაფინანსებაზე კრიტიკული იქნება ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა მთავრობის მისამართით – 2022 წლისთვის განათლების სისტემის დაფინანსება არ უნდა იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები; რეალურად განათლება არის ყველა იმ გამოწვევაზე პასუხი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. განათლების სისტემის სწორი რეფორმით, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გაძლიერებასაც და სიღარიბის შემცირებასაც. ვიმუშავებთ საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე, აგროტურიზმის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რომელიც სოფლის მეურნეობას და ტურიზმს დააკავშირებს ერთმანეთთან, რითაც მეტი სინერგია იქნება ფერმერებს და ტურიზმის ინდუსტრიას შორის; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი განიხილავს კონკურენციის შესახებ და ანტიდემპინგურ კანონმდებლობას და ცვლილებებს, რომელიც კონკურენციას კერძო სექტორში, მათ შორის, კერძო სუბიექტებსა და სახელმწიფო კომპანიებს შორის დაარეგულირებს უფრო უკეთ. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის პროცესი გაგრძელდება და 30 ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იგეგმება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები