„ფესვების“ ფინალში შვილიშვილს მატარებლის სადგურზე უამრავი ხალხი რომ დახვდება, ზუსტად ასე დამხვდა მთელი სკოლა“…
„ყოველ ჩვენგანს გვეძლევა სწორედ ის, რაც ჩვენი ცხონებისთვის აუცილებელია“
თბილისის მეოთხე საშუალო სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. სამედიცინო ინსტიტუტი – წარჩინებით. შემდეგ იყო ასპირანტურა, კლინიკური ორდინატურა.
გამომცემლობაში მისვლამდე ექიმად მუშაობდა. პრესაში იმ დროს დაიწყო მუშაობა, როცა ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება იყო, ადამიანებს ექიმთან მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მათ სჭირდებოდათ სამედიცინო რჩევები. დამოუკიდებლად დააარსა გაზეთი „მკურნალი“. შემდეგ კი მისი ცხოვრება „პალიტრა ლ“-ს გადაეჯაჭვა.
დღემდე ჰოლდინგ „პალიტრამედიის“ სხვადასხვა გამოცემაში მუშაობს. მისი პროფილია – ჯანმრთელობა და რელიგია.
არის ჟურნალების – „კარიბჭისა“ და ოჯახის მკურნალის“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი. 6 წლის განმავლობაში იყო ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი. მისი უშუალო ავტორობით მრავალი წიგნის სერიებმა იხილა დღის სინათლე. ამჟამად საუკუნის პროექტი – „ბიბლია განმარტებებით – 15 ტომეული“ გამოიცემა.
ამბობს, რომ თუ ბიბლიური აზროვნება ჩვენი ცხოვრების წესი გახდება, მაშინ რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი ქვეყანაშიც, ჩვენს ოჯახებშიც და სულებშიც… – ექიმისა და გამომცემელ – რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის პერსონა.
– ბავშვობა? მახსოვს, რომ ბედნიერი ვიყავი, მახსოვს, რომ ძალიან მიყვარდა ადამიანები, იმდენად ძლიერად მიყვარდა, რომ ბედნიერებისგან ხშირად ყელში ბურთი მეჩხირებოდა, მერე ეს ბურთი მკერდში ჩადიოდა და გული გამალებით ბაგიბუგობდა ხოლმე. მერე დამძიმდა სხეული და ეს გრძნობა სადღაც მინელდა. მას შემდეგ ვეძებ, ვეძებ, მაგრამ… ისეთი ვეღარ ვიპოვე…
მამაჩემი – ვაჟა მამაცაშვილი, მთელი თავისი ცხოვრება ძალიან დიდ თანამდებობებზე, სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდა და ყოველთვის ჰქონდა მინიჭებული გარკვეული პრივილეგიები – საკვებთან, ბინასთან, მანქანასთან, დასვენებასთან დაკავშირებით. და მე მთელი ბავშვობის განმავლობაში მისგან მესმოდა სიტყვები: სირცხვილია, უხერხულია, სხვაც ხომ ცოდოა – და მას არასოდეს უსარგებლია თავისი თანამდებობით, შეეძლო ყოფილიყო უმდიდრესი ადამიანი, ჩვენი ოჯახი კი ღარიბულად, მაგრამ ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდა. მამა პურის რიგში გარდაიცვალა 90-იანებში… გულმა ვეღარ გაუძლო. პურის ყიდვა კი მოუსწრია და ის პურები მერე სახლში მოგვიტანეს. მამას ნაყიდი პურები…
მამას როცა ვიხსენებ, ზვიად რატიანის ეს ლექსი მახსენდება ხოლმე:
აი, ეს ხეა მამაჩემი
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად სძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,
არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი –
მას შემოდგომის სუსტი მზეც კი
სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.
მეტი არც გვინდა.
დედა? დედაჩემი აი ამნაირი კაცის კარგი მეუღლე იყო მთელი ცხოვრება, ასეთი ადამიანის ტვირთი თუ ვერ გაინაწილე, ის ვერ შეძლებს მის ტარებას ბოლომდე ღირსეულად. დღესაც ხშირად გვიყვება ამბებს მამაზე: იცი, როგორი იყო მამათქვენი? – და მოყვება ხოლმე საოცარ ისტორიებს მისი თავმდაბლობისა, კაცთმოყვარეობისა, სულგრძელობისა…
დედამ მე და ჩემს ძმას და ჩვენს შვილებს მთელი თავისი ცხოვრება შემოგვწირა ფიზიკურადაც, ინტელექტუალურადაც, სულიერადაც. ახლაც გვერდით მიდგას. მის გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს შევძლებდი. ის მიმსუბუქებს ყოველდღიურ საფიქრალსა და საზრუნავს, რომ მე „საქმეს მივეხდო“ – ასე მეუბნება ხოლმე.
ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მშობლების შვილი ვარ.
– სკოლა… რას გრძნობთ სკოლის გახსენებისას?
– მეოთხე საშუალო სკოლა დავამთავრე. როგორ მოვყვე ის, რასაც ახლა ვგრძნობ სკოლის გახსენებისას? რა სიტყვა დავარქვა ამ გრძნობას? მოდი, ერთ ფაქტს გავიხსენებ და ამით მიხვდებით ყველაფერს:
კარგად ვსწავლობდი და ამის მიუხედავად „არ გადაგაწერინებ“ ტიპის ხუთოსანი არ ვყოფილვარ, ყველასთან ვმეგობრობდი, განსაკუთრებით – ბიჭებთან და მათი ყველა წვრილმანი ვიცოდი ყოველთვის.
ოქროს მედლის კანდიდატი ვიყავი, მაგრამ, როგორც წეღან აღვნიშნე, მამაჩემს არასოდეს გამოუყენებია თავისი თანამდებობა ოჯახის კეთილდღეობისთვის და ისე გამოვიდა, რომ მე მედალოსანთა გეგმით გათვალისწინებულ სიაში არ აღმოვჩნდი (რაიონისა და ქალაქის მასშტაბით გარკვეული რაოდენობის მედალი უნდა გაცემულიყო და თურმე ზუსტად იცოდნენ, ვინ შევიდოდა ამ სიაში, ანუ ვის ჰყავდა „პატრონი“).
ვისაც ასეთი „პატრონი“ არ გამოუჩნდებოდა, მას რამენაირად აუცილებლად ჩაჭრიდნენ გამოსაშვებ გამოცდებზე, რომ ოთხიანი მაინც დაეწერათ. ეს ჩემმა მეგობრებმაც კარგად იცოდნენ და მათ მართლა სასწაულები აკეთეს ამ გამოცდებზე, რომ დამხმარებოდნენ. ეს მოგონება ახლა ყველაფერს ვერ დაიტევს.
მახსოვს სპეციალურად გამოგზავნილი უმკაცრესი დამსწრე, დოინჯით რომ მედგა თავზე 3 საათის განმავლობაში, მახსოვს ქართულის გამოსაშვებ გამოცდაზე მოსული ურთულესი თემები, მერე როგორ შევცვალე თემა შუა წერის დროს (ჩავთვალე, რომ მეორე თემას უკეთ დავწერდი), როგორ ნერვიულობდა ამის გამო მთელი სკოლა, ყველა მასწავლებელი, ყველა მეგობარი.
მე ყველაზე ბოლოს გამოვდიოდი გამოცდებიდან და, იცით, რა მახსოვს? ფილმ „ფესვების“ ფინალში შვილიშვილი რომ ჩამოდის საქართველოში მატარებლით და მოულოდნელად უამრავი ხალხი ხვდება, აი ზუსტად ასე დამხვდა მთელი სკოლა ქართულის გამოცდიდან გამოსულს, არავის ფეხი არ მოუცვლია, მშობლებიც, მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც… რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა შედეგით დამთავრდებოდა ის ყველაფერი, ახლაც ჭიანჭველები მივლის სხეულში, ის დღე რომ მახსენდება… თუმცა ბოლოს მაინც დაამატეს გეგმით გაუთვალისწინებელი ერთი მედალი ჩემთვის…
სკოლის მეგობრები ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც იმ წლებიდან დამრჩა და დღემდე უბედნიერესია წუთები მათთან ურთიერთობის, რასაც მაინც ვახერხებ ამ უკუღმართ დღევანდელობაში.
– სამედიცინო ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრეთ. რატომ აირჩიეთ ექიმის სპეციალობა?
– ექიმი რომ უნდა გამოვსულიყავი, ეს იდეა ბავშვობიდან იდო ჩემში. ზუსტად არ ვიცი, ვის ეკუთვნოდა. ახალშობილს მძიმედ მიავადმყოფია და სასწორზეც ყოფილა ჩემი სიცოცხლე, სწორედ ამ დროს ერთ ნათესავ პედიატრს – მარო ბებოს რამდენიმე ღამე გაუთევია ჩემს საწოლთან და გამოვჯანმრთელებულვარ. მგონი, იმ დროიდან გადაწყდა, რომ მეც ექიმი უნდა ვყოფილიყავი. ჰოდა, კითხვას: რა უნდა გამოხვიდეო, ყოველთვის ვპასუხობდი – ექიმი-მეთქი.
ასე მოვხვდი სამედიცინოზე. თუმცა იმდენად მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა და ხაზვა, აი სხეულით რომ გრძნობ მეცნიერების სიყვარულს და გონება რომ ნეტარებს ამოცანების გამოყვანისას, ჰოდა, მისაღებ გამოცდებზე გასვლამდე მამას შევეცოდე: ხომ არ გინდა, არჩევანზე დაფიქრდეო – მითხრა, იქნებ სხვა ფაკულტეტი გირჩევნიაო. აღარ შევცვალე არჩევანი და არც ვნანობ.
ვგრძნობ, ექიმობა მხოლოდ პროფესია კი არ არის, პიროვნულადაც უნდა გახდე ექიმი, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვისი თანაგრძნობა, სხვისთვის დახმარების სურვილი შიგნიდან უნდა მოდიოდეს. უამისოდ უბრალოდ რობოტი შემსრულებელი ხარ.
– ოც წელზე მეტია „პალიტრამედიის“ სისტემაში მუშაობთ. გამოსცემთ როგორც სამედიცინო, ისე საოჯახო და სასულიერო სახის ლიტერატურას. რამდენად გეხმარებათ თქვენი პროფესია დღევანდელ საქმიანობაში?
– შეიძლება ითქვას, რომ პროფესიას არც მოვწყვეტილვარ, პრესაში იმ დროს დავიწყე მუშაობა, როცა ჩვენს ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება იყო და ადამიანებს ექიმთან მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილი სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა და რჩევებს მეზობლებისა და ნათესავებისგან იღებდა.
ვფიქრობდი, როგორ შემეძლო ერთდროულად ბევრი ადამიანის დახმარება და მაშინ მივედი სამედიცინო გაზეთის გამოცემის იდეამდე. დამოუკიდებლად დავაარსე გაზეთი „მკურნალი“, თუმცა მარტოს ძალიან გამიჭირდა და მერე ამ გაზეთითა და იდეებით მივედი „პალიტრის“ რედაქციაში ირაკლი თევდორაშვილთან, რომელიც იმ დღიდან ჩემი ყველა იდეის მხარდამჭერი და განმახორციელებელი გახდა.
– ჟურნალების „ოჯახის მკურნალისა“ და „კარიბჭის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ხართ… 2014 წელს „კარიბჭის“ 10 წლის იუბილეც აღინიშნა…
– გამოცემის პოპულარობას, უპირველეს ყოვლისა, ის გუნდი განაპირობებს, ვინც მას ქმნის და გულწრფელად ვმადლობ უფალს, რომ საჭირო დროს და საჭირო ადგილას მოგვაგროვა ხალხი, რომელიც ამ საქმეს სჭირდებოდა. „კარიბჭეშიც“ და „მკურნალშიც“ არიან თავისი საქმის პროფესიონალი, გამორჩეული ადამიანები. მათი დამსახურებაა, რომ ამ ჟურნალებმა გაუძლო დროსა და გამოწვევებს და შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი თავ-თავიანთ სფეროში.
– წიგნების სერიების – პროექტების ავტორი და მთავარი რედაქტორი ხართ. უკვე გამოიცა „საქართველოს იმედის“ 105 ტომი, „საღმრთო ისტორია ბავშვებისათვის“ – 23 ტომი, „თვენი“ – 36 ტომი, „მეგზური სიკეთის სამყაროში“ (მოზარდთათვის) – 18 ტომი… ეს დიდი და შრომატევადი, თანაც აუცილებელი საქმეა...
– ჟურნალ „კარიბჭეს“ წლების განმავლობაში მოჰყვებოდა სხვადასხვა სერიის წიგნები და ამასობაში დაგროვდა მართლაც უნიკალური არქივი. აქ ჩამოთვლილთაგან ყველას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ყველა გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.
„საქართველოს იმედის“ პროექტში ამავე სახელწოდების ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა აღიწერა. წიგნებში შეტანილია აგრეთვე მათი ქადაგებები, წერილები, საარქივო მასალები.
„საღმრთო ისტორია ბავშვებისათვის“ – ეს იყო პირველი ილუსტრირებული გამოცემა გოგებაშვილის საღმრთო ისტორიისა.
მოზარდთათვის იყო განკუთვნილი „მეგზური სიკეთის სამყაროში“ – 18 ტომეული, რომელმაც არაერთი სკოლის პედაგოგისა და მშობლების დიდი ყურადღება დაიმსახურა აღმზრდელობითი, ზნეობრივი ლიტერატურის დეფიციტის პირობებში.
უნდა გამოვყო „თვენის“ 36-ტომეული. ეს მართლაც უნიკალური გამოცემაა, რადგან მასში შევიდა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა ცხოვრება. ასეთი მოცულობის მსგავსი გამოცემა ჩვენზე დიდი ქვეყნების ეკლესიებსაც არ აქვთ. უფლის ნებით ქართველმა მკითხველმა მიიღო ასეთი საჩუქარი „კარიბჭისაგან“
– ჟურნალ „ოჯახის მკურნალთან“ ერთად გამოდის სამედიცინო წიგნების სერია – „იცნობდე, რათა დაამარცხო“… ვინ არის ამ გამოცემების მკითხველი და თუ გაქვთ მკითხველთან უშაუალო ურთიერთობა?
– როგორც მოგახსენეთ, როცა „ოჯახის მკურნალი“ გამოვიდა, იმ დროს სამედიცინო ინფორმაციის სრული დეფიციტი იყო. ფაქტობრივად ჟურნალმა შეძლო უპრეცედენტო როლის შესრულება – შეიქმნა პირველადი ბაზა, რომელიც საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების, დაავადებათა პროფილაქტიკის, მიზეზების, სიმპტომების, სწორი მკურნალობის შესახებ. წიგნების სერია „იცნობდე, რათა დაამარცხო“ მართლაც საუკეთესო მეგზურია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე გონივრულად ზრუნავს – თუკი უკეთ გავიცნობთ პრობლემას, მისი დამარცხება ხომ უფრო იოლია, ჰოდა, ეს წიგნებიც ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემებს გვაცნობს უკეთ, რათა მათთან გამკლავება გაგვიადვილდეს.
– მედიცინის დიდი ცნობარის, სამედიცინო ენციკლოპედიის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორი ხართ. რით განსხვავდება ეს წიგნები სხვა ენციკლოპედიებისგან?
– როგორც მოგახსენეთ, „ოჯახის მკურნალის“ არსებობის განმავლობაში ჩვენმა რედაქციამ შექმნა დიდძალი სამედიცინო ინფორმაცია, რომელიც მუდმივად გადამუშავდებოდა, განახლდებოდა, კვალიფიციურ სპეციალისტებთან მოწმდებოდა და გონივრულად დაარქივდებოდა. სწორედ ამ არქივის ბაზაზე შეიქმნა არაერთი პოპულარული ენციკლოპედია თუ ცნობარი, რომლებიც დღესაც დიდი მოწონებით სარგებლობს მკითხველში. მათ შორის არის სწორედ თქვენ მიერ ნახსენები ენციკლოპედია და ცნობარი. აქვე უნდა ვახსენო ქართული ხალხური მედიცინის საგანძური „კარაბადინი“, რომელიც უკვე მეორე ათეული წელია გამოიცემა და კვლავ დიდი მოთხოვნაა მასზე.
„საგანძური“ ტყუილად არ მიწოდებია მისთვის. ამ წიგნის შექმნის მოკლე ისტორია ასეთი იყო:
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დავაფუძნე რუბრიკა – „ხალხში გამოცდილი რეცეპტები“, რომელსაც შემდგომ „კარაბადინი“ დავარქვით. ამ რუბრიკაში გამოვაქვეყნეთ თხოვნა „პალიტრის“ მკითხველისადმი, რომ მოეწერათ ის ხალხური რეცეპტები, რომლებიც თავად ან ოჯახის წევრებმა გამოსცადეს სხვადასხვა პრობლემის დროს და გარკვეული შედეგები მიიღეს.
წლების განმავლობაში მოდიოდა უამრავი რეცეპტი, ეს წერილები მუშავდებოდა, ვადგენდი გარკვეულ რეიტინგებს ამა თუ იმ სამკურნალო საშუალების ეფექტიანობის შესახებ, მერე ამ ინფორმაციას ვადარებდი უკვე არსებულ სამეცნიერო კვლევებით მიღებულ ინფორმაციასთან მცენარის ქიმიური შემადგენლობის და მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური ეფექტის შესახებ და მხოლოდ ამგვარად გადამუშავებულ რეცეპტებს ვაქვეყნებდი ჩემივე კომენტარებით. ათწლეულის შემდეგ კი მივიღე ასეთი საგანძური, რომელიც წიგნად შევკარი და გამოვეცი.
თითოეულ რეცეპტს დართული აქვს ჩემი კომენტარი: რა დროს შეიძლება მისი გამოყენება, როდის არ შეიძლება, რატომ იქნება ამა თუ იმ დაავადების დროს ეფექტიანი…
ხალხური მედიცინა ძალიან ხშირად შეიძლება გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებად მეცნიერულ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მედიცინასთან ერთად, მით უმეტეს, რომ მეცნიერულ მედიცინაში დღეს არსებულ სამკურნალო საშუალებათა ძალიან დიდი წილი სწორედ მცენარეული საშუალებები ან მათგან მიღებული ნივთიერებები გახლავთ.
– უძღვებოდით ჯანმრთელობის გვერდს „კვირის პალიტრაში“, ჟურნალ „გზაში“… რადიოპალიტრის გადაცემის „რადიო მკურნალის“ ავტორი და პროდიუსერი ხართ…
– „პალიტრამედიის“ სხვადასხვა გამოცემაში მიმუშავია და ვმუშაობ დღემდე. ჩემი პროფილი არის ჯანმრთელობა და რელიგია, ვფიქრობ, არცთუ ისე შორს არის ერთმანეთისგან ეს ორი მიმართულება, უფრო მეტიც, ერთი მთლიანის ნაწილებია ორივე. ადამიანი ხომ სული და სხეულია და ჰარმონიული სიცოცხლე მხოლოდ სხეულზე ზრუნვით ვერ მიიღწევა.
– „პალიტრა ლ“-თან თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გაქვთ…
– ზევით ჩამოთვლილი თითქმის ყველა წიგნი თუ წიგნების სერია სწორედ „პალიტრა ლ“-თან ერთად იქმნებოდა წლების განმავლობაში. პროფესიონალთა ეს გუნდი უზრუნველყოფდა იმას, რომ წიგნები ყოფილიყო სწორად დაგეგმილი, შექმნილი და მიწოდებული მკითხველისათვის. კიდევ რამდენიმე საავტორო წიგნს გავიხსენებ, ესენი იყო: „შეკითხვა ექიმს“, „2000 მცენარეული რეცეპტი“, ახლა ვამზადებ და ვფიქრობ, მალე გამოვცემთ „მცენარეთა ილუსტრირებულ ენციკლოპედიას“.
აუცილებლად მინდა ასევე შევეხო უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელსაც ვუძღვები და რომელიც პატრიარქის კურთხევით „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა – ეს არის საეკლესიო წიგნების სერია სპეციალური ტყავის შეფუთვით. უკვე გამოიცა „ლოცვანი“, „ფსალმუნნი“ და „ოთხთავი“. სააღდგომოდ კი წმინდა მოციქულთა ეპისტოლეებს ვამზადებთ. ამ პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ ასეთი წიგნები ასეთი მასშტაბებით დღემდე არასოდეს გამოცემულა.
– ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ პროექტის ავტორი და მთავარი რედატორი იყავით დაფუძნების დღიდან, ჟურნალი 2012 წელს დაიხურა და მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდა, თუმცა თავისი კვალი დატოვა ლიტერატურულ ცხოვრებაში… თქვენ რას იტყოდით?
– თითოეული საავტორო პროექტი მთელი გულით მიყვარს-მეთქი – ვამბობ ხოლმე, რადგან გულსა და გონებაში იბადება ყოველი იდეა. მათ შორის იყო ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“. 2005 წელს გამოვეცით პირველი ნომერი.
გავიხსენებ იმ პერიოდს: ეს იყო დრო, როცა პოლიტიკური დაპირისპირების გამო სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადამტერებულნი ერთმანეთზე სხვადასხვა ბანაკში მყოფი მწერლები და თუ რამ პერიოდიკა გამოიცემოდა, მხოლოდ იმ მხარის ავტორები ბეჭდავდნენ, ვისიც იყო ის გაზეთი თუ ჟურნალი. ჰოდა, ასეთ დროს გამოვიდა ახალი ჟურნალი, სრულიად ახლებური ხედვით, ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებებისგან თავისუფალი და პირველსავე ნომერში დაიბეჭდა ჩემი თხოვნა, რომ აქ ყველა გავერთიანებულიყავით და ლიტერატურის განვითარებაზე ერთად გვეფიქრა.
ამ პირველ ნომერში ერთმანეთის გვერდით დავბეჭდეთ დაპირისპირებული ბანაკების წარმომადგენელი მწერლები (არ მინდა მათი გვარების ჩამოთვლა) და მახსოვს ყველას გაოცება ამ წარმოუდგენელი სიახლის გამო.
მინდა გავიხსენო ასევე ჟურნალში დაწესებული ტრადიცია, რომელსაც დღემდე იხსენებენ ხოლმე ჩვენთან დაბეჭდილი ავტორები: ჰონორარების გაცემის დღეს ერთად ვიბარებდით ყველა ავტორს და ეს დღეები იქცეოდა ხოლმე ლიტერატურული სიახლეების გაზიარების, დისკუსიების და უბრალოდ ლამაზი მოგონებების საღამოებად.
აქვე უნდა გავიხსენო ლიტერატურული შეხვედრები, რომლებსაც ჩვენმა ჟურნალმა ჩაუყარა საფუძველი. ამ შეხვედრათა ციკლს დაერქვა „გაცოცხლებული ლიტერატურული პალიტრა“ და ჩვენ მაშინ მოვახერხეთ, შეგვეხვედრებინა ერთმანეთისათვის მწერალი და მკითხველი. ვისაც ახსოვს დრო, რომელზეც ვსაუბრობ, ეს იყო დრო სრული სიცარიელისა, ეს იყო დრო მკითხველს მონატრებული მწერლისა და ლიტერატურას მოწყურებული მკითველისა. და უნდა გენახათ, რა ემოცია დუღდა ამ შეხვედრებზე.
მე არ დავიღლები „ლიტერატურულ პალიტრაზე“ საუბრით, რადგან მთელი ჩემი სული და გული წაიღო ამ ჟურნალმა. ისე მოხდა, რომ ჟურნალი დაიხურა, თუმცა ახლა მინდა დავაანონსო ერთი სიახლე: მე, როგორც პროექტის ავტორს, დიდი სურვილი მაქვს, აღვადგინო ჟურნალი, რადგან ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი ადამიანი მეხმიანება დღემდე ამ თხოვნით. რამდნეჯერმე ვცადე კიდეც სხვადასხვა საშუალებებით დაფინანსების მოპოვება ჟურნალის აღსადგენად, თუმცა ძალიან მყარი კედელი დამხვდა აღმართული ამ საქმის წინააღმდეგ. მაინც არ დავნებებულვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ჟურნალის აღდგენა. მაქვს მკითხველის იმედი. გამოვაცხადებთ წინასწარ ხელმოწერას და თუ შეიკრიბება მკითხველთა ის რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება, მომავლი წლიდან ალბათ დავიწყებთ მუშაობას.
– დაიწყო თქვენი ავტორობით და რედაქტორობით – „ბიბლია განმარტებებით“, 15-ტომეულის გამოცემა…
– „ბიბლია განმარტებებით“ ისტორიული პროექტია, მისი მნიშვნელობა ჯერ არ გაგვიაზრებია არც ჩვენ, ვინც პროექტზე ვმუშაობთ უფლის შეწევნით და არც მკითხველს. თავად განსაჯეთ, დღემდე ქართულ ენაზე არ არსებობს მუხლობრივად განმარტებული წმინდა წერილი, 21-ე საუკუნემდე ქართველ მართლმადიდებლებს მთლიანი ბიბლიის განმარტების ქართულად წაკითხვის შესაძლებლობა არ გვქონია.
პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, მასში ჩართულია უამრავი ადამიანი: თეოლოგები, სასულიერო პირები, ჟურნალ „კარიბჭის“ თანამშრომლები. ეს არის მუშაობის საოცარი პროცესი. თითოეული ადამიანი გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას, თუმცა თითოულმა ვიცით ისიც, რომ მხოლოდ უფლის ნებით და მისი შეწევნით კეთდება, რაც კეთდება და ჩვენ აღმოვჩნდით შემსრულებელნი ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა.
წიგნების სერია პატრიარქის კურთხევით გამოიცემა. მან უკვე დაიმსახურა მკითხველის დიდი ინტერესი და მოწონება.
თუ ბიბლიური აზროვნება ჩვენი ცხოვრების წესი გახდება, მაშინ რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი ქვეყანაშიც, ჩვენს ოჯახებშიც, ჩვენს სულებშიც…
– „კარიბჭის“ რედაქციას 10 წლის იუბილეზე შეხვდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე… ხშირად ხვდებით მას, პატრიარქის რჩევებს იღებთ…
– მუდმივად, ყველგან და ყოველთვის თან გვდევს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, ვცდილობთ, თითოეული დარიგება გავითვალისწინოთ, ვისწავლოთ მოთმინება, ზომიერება და ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, რწმენით ვიაროთ მიზნისკენ.
ამ ფოტოზე „2000 მცენარეული რეცეპტი“ გადავეცი. რამდენ ასეთ წიგნს თუ სხვა ნამუშევარს წარუდგენენ ყოველდღიურად და მისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველას ყურადღებით უსმენს.
ბოლოს კი გეტყვის ისეთ დარიგებას, რომლის მნიშვნელობას შესაძლოა, იქვე ვერც მიხვდე. წამოხვალ და თან გამოგყვება დიდი სითბო და სინათლე, მთელი ცხოვრება რომ გინათებს სავალ ბილიკებს.
87-ე დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო პატრიარქო! გმადლობთ ყველაფრისათვის!
– ოჯახი. შვილები…
– მყავს მეუღლე და 3 ვაჟი. მადლობელი ვარ უფლისა ყველაფრისთვის, რაც მაქვს და ვინც მყავს გვერდით. ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყოველ ჩვენგანს გვეძლევა სწორედ ის, რაც ჩვენი ცხონებისთვის აუცილებელია.
– სამომავლო გეგმები…
– ნაწილობრივ უკვე გიამბეთ ახლო მომავლის გეგმებზე. შორეულ საქმეებს კი არასოდეს ვგეგმავ. როცა საჭირო იქნება, ალბათ მაშინ გაჩნდება იდეაც და მაშინ განხორციელდება.
მადლობა მინდა გითხრათ, რომ დაინტერესდით ჩვენი საქმიანობით. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ერთგულად მედგა გვერდით და სჯეროდა იმ ყველაფრისა, რასაც ერთად ვემსახურებოდით. მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
თამარ შაიშმელაშვილი