„ჩემი ნახატები პაციენტებს ტკივილის დავიწყებაში ეხმარება“ – პროფესიით ექიმი თვითნასწავლი მხატვარი ახალციხიდან
ადიგენიდან 12 კილომეტრის დაშორებით, სოფელ არალში პედიატრი, გულო კაჭკაჭიშვილი ცხოვრობს. ექიმი, ყოველდღიურ რეჟიმში პაციენტებს იღებს, კონსულტაციებს გასცემს და მკურნალობს. გარდა ამისა, ის 112-ის მენეჯერიცაა და სასწრაფო ბრიგადითაც ხშირად უწევს გამოძახებებზე სიარული. მორიგეობისგან დაღლილი საკუთარ კაბინეტში ჯდება და გარესამყაროს ცოტახნით წყდება.
გულო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ პროფესიის განვითარებაში ჰობს ხელი არასდროს შეუშლია, პირიქით მისი დახმარებით, ბევრი უცხო ადგილი მოინახულა, რაც მოგვიანებით შემოქმედების მუზად იქცა.
„სასწრაფოდან გამოძახებებზე რომ გვიწევს გასვლა, ზოგჯერ ისეთ ადგილზე მივდივართ, სადაც ნამყოფი არ ვარ. შემოდგომით განსაკუთრებით ლამაზია ბუნება, ფოთლები და მთები. ეს ჩემს მეხსიერებაში ილექება და როგორც კი სამსახურში ვბრუნდები, თუ პაციენტი არ მყავს, მაშინვე ტილოზე გადმომაქვს თვალით ნანახი სილამაზე. სწავლის პერიოდშიც, როცა სამედიცინოზე ვსწავლობდი, ხშირად ვათენებდი ღამეებს, რომ დამეხატა. ჩემს კოლეგებსაც ვხატავდი“,- უყვება „რეგიონული კვირას“ გულო კაჭკაჭიშვილი.
თუ საუბარს პატარა, მყუდრო, ნახატებითა და ბუნების პეიზაჟებით დაფარულ ოთახზე დავიწყებთ, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ ეს ადგილი თვითნასწავლ მხატვარს დაუკავშიროთ. თუმცა, თუ გეტყვით იმასაც, რომ ამავე ოთახში შეხვდებით, ფონენდოსკოპს, წნევის გასაზომ აპარატს, ბავშვის სასწორსა და თეთრ ხალათს, შეიძლება გაგიკვირდეთ. გულომ წლების წინ თავისი ნაშრომების საკუთარ კაბინეტში გამოეფინა გადაწყვიტა. იფიქრა, ამით პაციენტებს ტკივილის დროებით დავიწყებაში დაეხმარებოდა.
„როცა პაციენტი არ მყავდა, აქვე კაბინეტში მაგიდაზე ვხატავდი. მერე ერთ დღესაც გადავწყვიტე თვითონ ამ კედლებზე გამეკრა ჩემი ნაშრომები და ასეც მოვიქეცი. ხშირი ბენეფიციარი ვინცაა უკვე არჩევს ძველსა და ახალ ნახატს. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა აქ მოსულს დავიწყებია რა ტკიოდა. განსაკუთებით მოსწონთ ბავშვებს ამ ოთახში ყოფნა. ყურადღება გადააქვთ ჩემი შემოქმედებისკენ და ამით მეც მიადვილდება ბავშვებთან კომუნიკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნება და მედიცინა იდეალური ნაზავია. ძალიან ეხმარება ერთმანეთს“,- ამბობს ექიმი.
როგორც თავად ამბობს, ნახატების გამოფენაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობს, მაგრამ ნამუშევრებთან განშორება უჭირს. გამოფენაზე შემოთავაზება ამერიკიდანაც მიიღო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, უარი თქვა. ნახატების გაყიდვაზე არასოდეს უფიქრია, რადგან თითოეული მათგანი საკუთარი შვილებივით უყვარს.
სამი შვილის დედა, ექიმი და ამავე დროს თვითნასწავლი მხატვარი, პატარა კაბინეტში პაციენტის შესვლამდე ხატვას კვლავ განაგრძობს. გულოს სურს, რომ მისი ნახატები შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს სახსოვრად დარჩეთ.
მედეა ლომიძე