წყალტუბოში აქციის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილთა სამინისტრო პასუხობს

წყალტუბოში სანატორიუმ “გეოლოგში” მცხოვრები დევნილები ახალი ბინების მისაღებად ქულათა სისტემის მიხედვით გაყვანას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათი მძიმე საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, უპირობოდ გაყვანა უნდა მოხდეს.
დევნილების პროტესტს პასუხობენ დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, დირექტორი- დავით ჭეიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ორ ახლადაშენებულ ბინაში გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება დევნილებზე ბინების გადაცემა.
“ამ ეტაპზე წყალტუბოში ბინები გადანაწილდება გრძელვადიანი განსახლების კრიტეტიუმების შესაბამისად. რომლისთვისაც განაცხადის შევსება შეეძლებათ თავად წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს. გათვალისწინებული იქნება მათი საცხოვრებელი პირობები, ის დასკვნები, რაც არის კონკრეტულ ობიექტებზე, საიმისოდ რომ დამატებით ქულა მიენიჭოთ. პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა მათი განსახლება, რომელიც აუცილებლად მოხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია იმ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებიც, რომლებსაც საერთოდ ჭერი და საცხოვრებელი არ გააჩნიათ. წყალტუბოში გარდა ამ 140 საცხოვრებლისა 2021 წლის დასაწყისში იგეგმება 410 ბინის დასრულება, რომელიც ასევე დევნილებს გადაეცემათ. ამ ეტაპზე, დასრულების პირას მყოფი ორი ბინის გადაცემა მოხდება გრძელვადიანი განსახლების კრიტეტიუმების შესაბამისად. რაც ითვალისწინებს იუსტიციის სახლში დევნილის მიერ განაცხადის შევსებას ბინით დაკმაყოფილებაზე. რომელსაც განიხილავს კომისია. ამის შემდეგ მოხდება საცხოვრებლებით დაკმაყოფილება. უპირონოდ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე ბინების გაცემა ახლა  ვერ მოხერხდება. წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს თავიანთი საცხოვრებლის დასკვნების შესაბამისად, მიენიჭებათ დამატებითი ქულები. რაც გაზრდის ალბათობას რომ გაიცეს მათზე ბინები”,- განაცხადა დავით ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები