რაჭიდან საფრანგეთამდე განვლილი გზა – ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი, რომელიც ქართველებს და ფრანგებს ქართულ ცეკვებს ასწავლის
რაჭაში, ონის რაიონში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრებისთანავე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ჩააბარა. თავიდან ანსამბლ „როკვაში“, შემდეგ სხვადასხვა ანსამბლში ცეკვავდა. ერთხანს პედაგოგადაც მუშაობდა, მაგრამ მაინც მოუხდა საქართველოს დატოვება.
ცხოვრობს არიეჟის პრეფექტურის ქალაქი ფუაში, ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების“ ხელმძღვანელია. ქართველ ბავშვებს ასწავლის ცეკვას, ფრანგებთან ერთად მონაწილეობს ზეიმებსა და დღესასწაულებში.
ამავდროულად, ბარსელონის წმინდა ნინოს ეკლესიის სტიქაროსანია. – ქორეოგრაფ გიორგი გობეჯიშვილის პერსონა.
– დავიბადე 1976 წელს ონის რაიონში. მეორე საშუალო სკოლის 11 კლასი დავამთავრე. მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები – ისტორია და ქართული ენა, ასევე – პოეზია. ონის პიონერთა სასახლეში ქორეოგრაფიულ წრეზე დავდიოდი. ჩემი პირველი მასწავლებლები იყვნენ გოგი ბურდილაძე და ციური დვალიძე, რომლებსაც მოეწონათ ჩემი მონაცემები და წახალისებულმა გავაგრძელე ეს ხელოვნება. სკოლაში სპორტსაც მივდევდი, ვჭიდაობდი, ფეხბურთის წრეზე დავდიოდი.
სკოლის დამთავრებისთანავე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ჩავაბარე. 5 წლის შემდეგ მოვეწყე ანსამბლ „როკვაში“, სუხიშვილების მოსამზადებელზე უჩა დვალი გვასწავლიდა. სხვადასხვა ანსამბლში ვცეკვავდი. გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახურიც. მერე უკვე პედაგოგობა დავიწყე, ვასწავლიდი გამარჯვებაში, ნორიოში…
– 2008 წლიდან საფრანგეთში ხართ…
– დიახ, ევროპაში წამოვედი, შეიძლება ითქვას, გადმოვიხვეწე. ჩამოსვლის დღიდან გვერდით დამიდგა საფრანგეთი. რომ გაიგეს, დამდგმელი ქორეოგრაფი ვიყავი, პრეფექტურაში მითხრეს, ჩვენ მოგცემთ ყველაფერს – სახლს, ბინას, დარბაზს, აქ ქართველები ბევრნი არიან, შეგხედავთ, რას გააკეთებო. სამწუხაროდ, ბევრ ქართველს აღარ უჯერებენ.
7 თვეში ჩამოვაყალიბე სკოლა არიეჟის პრეფექტურაში, ფუაში. პედაგოგები მოვიწვიე, მოგვცეს დარბაზი, დავიწყეთ მეცადინეობები. ასე ჩამოყალიბდა ქართულ ასოციაციასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“. ამასთან ერთად, ქართული სკოლაც გავხსენით. ამ ყველაფერს 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი, მამა ლუკა (ფალავანდიშვილის) ლოცვა-კურთხევით.
მინდა მადლობა ვუთხრა საფრანგეთს, რომ გვერდით დაგვიდგა, ასევე – საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს. ამასთან, დიდ მადლობად ვუხდი ჩემს მოძღვარს, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილს.
მამა ლუკა ამჟამად ბარსელონაში მოღვაწეობს, მაგრამ ჩვენთანაც ჩამოდის ხოლმე.
– ქართულ საქმეს აკეთებთ. ქართველებს ცეკვას ასწავლით… პირველი კონცერტები…
– 2011 წელს გაიმართა პირველი კონცერტი – სიმღერებით, სკეტჩებით. ჩვენი კონცერტი კარგად მიიღეს ფრანგებმა. იმდენად მოეწონათ, რომ იმ წელსვე მომცეს საბუთი, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან ბევრი ქართველი 5 და მეტი წელიც ელოდა საბუთს.
ასე გავაგრძელე ცხოვრება, მერე უკვე ლათხიების ფრანგულმა ოჯახმა გამომიწოდა ხელი. წამიყვანეს ოჯახში და მათთან ვცხოვრობდი.
აქ გავიცანი ძალიან კარგი ქართული ოჯახები, რომლებიც დღემდე ჩემ გვერდით დგანან და ვართ ასე, ნათესაურად. 2015 წელს მეუღლე და შვილი ჩამოვიყვანე და ვაგრძელებთ ცხოვრებას. მეუღლე ფატი მაისურაძე მუშაობს, შვილი – ია გობეჯიშვილი სტუდენტია, ტურიზმის სპეციალობას ეუფლება.
– აქტიურად მონაწილეობთ ადგილობრივ ფესტივალებში…
– 2020 წლის ზაფხულში დღესასწაულ არიეჟობაზე მიგვიწვიეს, დიდი სპორტული მაღაზიის, „დეკადლონის“ სცენაზე პირველი კონცერტი ჩავატარეთ. წლის განმავლობაში 8 დღესასწაულში მაინც ვმონაწილეობთ. ესპანეთში, ბარსელონაში სპექტაკლი დადგეს ქართველებმა და მამა ლუკას წმინდა ნიკოლოზის ასოციაციამ მიგვიწვია. 6 ცეკვა და 5 სიმღერა შევასრულეთ.
– ეკლესიურად ცხოვრობთ. ბარსელონის წმინდა ნინოს ეკლესიის სტიქაროსანი ხართ…
– მამა ლუკამ ბევრი ქართველი მოაქცია ეკლესიურად. უწინდელთან შედარებით დიდი მრევლია. როცა მამა ლუკა კურთხევას გვაძლევს და ტულუზაში ჩამოსვლას დააპირებს, ვუთანხმდებით რუმინული ეკლესიის მოძღვარს ტულუზაში და ვატარებთ წირვა-ლოცვას, მერე კი ტრაპეზია.
მეორე ტაძარი ლემე კანტონშია, ტულუზიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ესეც რუმინელების მართლმადიდებლური ტაძარია, როცა მამა ლუკა კურთხევას აიღებს, იქაც ვატარებთ წირვა-ლოცვას.
– ფუაში ქართული საკვირაო სკოლაც გაიხსნა…
– მერიამ უფასო დარბაზი მოგვცა და ყოველ კვირას ვიკრიბებით ქართველები. საკვირაო სკოლის ხელმძღვანელია მარიკა ექვთიმიშვილი-მაზიერიშვილი. იგი ქართულს და ისტორიას ასწავლის.
– როგორც ვიცი, ფრანგებს ქართული ცეკვა და სიმღერა აინტერესებთ…
– კონცერტების დამთავრების შემდეგ ფრანგები, ძირითადად, უფროსი თაობის ხალხი, ჩემთან მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, როგორ მოვიდეთ თქვენთან, ჩაწერა გვინდაო. ჩემი ტოლებიც მოდიოდნენ, ბავშვები მოჰყავდათ. აინტერესებდათ, ბევრს არ ენახა ქართული ცეკვა და არ მოესმინა სიმღერა.
აქ არსებობს ფრანგების ოცკაციანი ანსამბლი, რომელიც ქართულად მღერის და ცეკვავს. ცეკვას მე ვასწავლი. მისი ხელმძღვანელი პიერი იუთუბიდან ქართულ სიმღერებს იწერს, თარგმნის და ანსამბლის წევრებს ასწავლის. ორჯერ ჩემთან ერთად კონცერტშიც მიიღეს მონაწილეობა.
„ჩაკრულოს“ და „მრავალჟამიერის“ შესრულება ქართველებსაც უჭირთ, მაგრამ მათ კარგად აითვისეს ჩვენი სიმღერები. ძალიან მონდომებულები არიან, რომ შეისწავლონ.
– ფრანგი ოფიციალური პირები თუ ესწრებიან თქვენს კონცერტებს?
– ფუას პრეფექტურიდან ხშირად გვესწრებიან კონცერტებზე. ტულუზიდანაც ჩამოდიან. ჩვენი სტუმრები რაგბისტებიც არიან. ქართველი რაგბისტები აქ განთქმულნი არიან და რომ გაიგეს, ქართული კონცერტი ტარდებოდა, თავიდან საყურებლად გამოჰყვნენ. მას მერე კონცერტებზე სულ დადიან.
– როგორც ჩანს, ფრანგები კეთილგანწყობილნი არიან…
– კი, ძალიან თბილად არიან განწყობილნი. პრეფექტები ყოველ ორ წელიწადში იცვლებიან, მაგრამ ახალებიც ძველის მოღვაწეობის განრიგის მიხედვით მოქმედებენ. 2016 წელს პრეფექტი რომ შეიცვალა, ასე გვითხრა, ადრინდელი პრეფექტის საქმეებს გადავხედე, თქვენს საქმეში ძალიან დიდი ისტორია ეწერა, მეც დავინტერესდი და მოვედი, რომ ვნახო, რას აკეთებთო. თუ რამე დახმარება გვჭირდება, არანაირი პრობლემა არ არის.
– რამდენი ბავშვია ანსამბლში გაერთიანებული და რას გეგმავს „ფესვები“ უახლოეს მომავალში?
– „ფესვები“ უწინ 40 ბავშვს აერთიანებდა, ახლა 20-25 ბავშვი დარჩა. ზოგი საქართველოში წავიდა, ზოგიც სხვა ქალაქში გადავიდა.
ახალ წელს გვქონდა პატარა ზეიმი. ივნის-ივლისში, სანამ ბავშვები წავლენ საქართველოში, მინდა, რომ ერთი კარგი კონცერტი ჩავატაროთ.
– ვინ არიან თქვენი აღზრდილები?
– ჩემი აღზრდილები ჩემი გოგოს ტოლები არიან. ყველა გაჰყვა ცეკვას. ტულუზაში თან სწავლობენ, თან დარბაზი აიღეს და ცეკვავენ. დავასახელებ მარიამ სეხნიაშვილს, რომელიც საუკეთესო მოსწავლე იყო და უკვე დამოუკიდებლად შეუძლია ასწავლოს.
– მომავალ თაობას ქართული ავიწყდება…
– ნამდვილად გულსატკენია, რომ აქ ამდენი ქართველი იზრდება და უჭირთ ქართული ლაპარაკი. ჩემ თვალწინ ბავშვები რომ იწყებენ ერთმანეთში ფრანგულად ლაპარაკს, ვაწყვეტინებ და ვეუბნები, ქართულად ილაპარაკონ – როცა თქვენს სკოლაში წახვალთ, იქ ილაპარაკეთ ფრანგულად-მეთქი. ასე ვძალაობთ, აბსოლუტურად ყველაფერს ვასწავლით, რომ არ დაავიწყდეთ მშობლიური ენა. ვინც აქ იბადება, მათაც, მშობელი დედის მსგავსად, საქართველოს ვუხატავთ.
– სამომავლოდ რაჭაში ხომ არ აპირებთ დაბრუნებას?
– ძალიან მტკივნეული და კარგი კითხვა დამისვით. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ თურმე რაჭიდანაც თბილისშიც არ უნდა წამოვსულიყო. იქ უნდა დავრჩენილიყო და მეჭამა ჩემი ლუკმა, რაც მქონდა და რასაც ვირგებდი. როცა შენი კუთხიდან მოდიხარ, ის ნელ-ნელა დინებას მიჰყვება, გავიწყდება. სხვა ქვეყანაში სხვანაირ გარემოში ხვდები, სხვანაირად ცხოვრობ. მაგრამ ბავშვობას რა დამავიწყებს, ისე მენატრება სადაც დავიბადე და გავიზარდე – ჩემი რაჭა.
ახლა ჩვენი სახლი დაკეტილია. მამა 2000 წელს დამეღუპა და უკან-უკან წავიდა ჩვენი ოჯახის საქმეები. მამა ბოძივით იდგა. არსად არ წასულა იმ გაჭირვების დროს. არადა, შეეძლო ასე მოქცეულიყო. მაგრამ თავის ფუძეზე იდგა. გვქონდა თუ არ გვქონდა, მაინც იქ ვიყავით.
აქ 2012 წლიდან სულ ვმუშაობ. გამოგიტყდებით და, ჩემი შვილი გზაზე რომ დადგება, უნდა დავბრუნდე საქართველოში. აქ გამჩერებელი არ ვარ, მეუღლესთან ერთად წამოვალ. ჩემს რაჭას მივაკითხავ, ახალ ვაზს ჩავყრი და ვიცხოვრებთ. საქონელს ვიყოლიებ, კერას განვაახლებ. უკვე მენატრება ის ცხოვრება.
დაბოლოს, მინდა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე, კი არ უნდა ვჭამოთ ერთმანეთი, ძმურად ამოვუდგეთ მხარში. ოჯახებს, ვინც აქ ვართ, ყველას გული გვტკივა, უმსგავსობას რომ ვუყურებთ. ჩვენი საქართველო პატარაა და ყველა ნაბიჯი ჩანს. ეს არ უნდა ხდებოდეს გინდა მთავრობაში, გინდა ურთიერთობაში. კარგ საქმეში მივბაძოთ ევროპას. ის სიბინძურე, რაც ხდება საქართველოში, აქ, ევროპაში, დავიწყებული აქვთ და აღარ უნდათ…
ყველაფრის მიზეზი კი უსიყვარულობაა, ეკლესიაში არ დადიან, არ ეზიარებიან. აბა, იაროს ყველამ ეკლესიაში, როგორი ცხოვრება იქნება…
თამარ შაიშმელაშვილი