ხარაგაულში სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, მერია განმარტებას აკეთებს
სახელმწიფო აუდიტის დასკვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ხარაგაულის მერიაში პასუხობენ. საუბარია დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეში წყლის გამწმენდი ნაგებობების არ არსებობის გამო ,მოსახლეობას გაუფილტრავი, სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ხარაგაულის მერიაში განმარტავენ რომ “გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა”და თვითმართველობას შორის 2019 წელს შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ლეღვნის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და დამატებითი სათავე ნაგებობების მოწყობა. კომპანიაში ამბობენ, პროექტები უკვე მზადაა და ტენდერი სამუშაოების დაწყების მიზნით მალე უნდა გამოცხადდეს.
” „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად 2019 წელს შეიმუშავა გეგმა ლეღვნის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა (რომელიც წვიმების დროს იმღვრევა) და დამატებითი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის მიზნით. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტები უკვე მზადაა და სამუშაოების დაწყების მიზნით ტენდერი უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს! რაც შეეხება სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევების შედეგად გამოვლენილ შეუსაბამობას, პირველ რიგში განვმარტავთ, რომ მერია არ არის უფლებამოსილი ჩაატაროს ლაბორატორიული კვლევები, თუმცა ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხარაგაულის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 2016 წელს განახორციელა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა. გამოვლენილი შეუსაბამობის შემდეგ ხარაგაულში წყლის ლაბორატორიული კვლევები, ამჯერად „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“ ჩაატარა. გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე გაიწმინდა წყლის რეზერვუარები და ყველა ბაღში შეიცვალა წყლის ფილტრები. გაცნობებთ, რომ 2019 წელს აღებული წყლის სინჯები დადებითია და სასმელად ვარგისი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციის საფუძველზე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მიმდინარე წელს კვლავ განახორციელებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას და მივიღებთ ზომებს მოსახლეობამ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყალი მიიღოს “,- აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.