სტამბოლიდან თეთრიწყაროში – კერამიკის ოსტატი, რომელიც 46 წელია საყვარელ საქმეს ემსახურება
ხელოვნება ბავშვობიდან იტაცებდა. თავდაპირველად ფერწერით იყო დაკავებული, მას შემდეგ კი რაც კერამიკის ტექნოლოგიას გაეცნო ამ საქმითაა დაკავებული. 66 წლის ოთარ შარაბაძე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განთქმულია. მას როგორც კერამიკის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატად იცნობენ. მისი ნამუშევრების გამოფენაც საქართველოს საზღვრებს გარეთ, არა ერთხელ მოეწყო. ხელოვანი ახლა თეთრიწყაროში ცხოვრობს და სახელოსნოც იქვე აქვს მოწყობილი.
როგორ აღმოჩნდა სტამბოლში, სადაც 17 წელი სტუდენტებს კერამიკაზე მუშაობას ასწავლიდა და რატომ გადაწყვიტა თეთრიწყაროში დასახლება, ხელოვანი საკუთარ ისტორიას “რეგიონულ კვირას” უყვება.
„სრულიად შემთხვევით მიმიწვიეს სტამბოლში გამოფენა რომ გამეკეთებინა. სწორედ მაშინ შემომთავაზეს უნივერსიტეტში ლექტორობა, რაც 17 წელიწადი გაგრძელდა. თეთრწყაროში გადმოსვლას, რაც შეეხება მეგობარმა დამპატიჟა, ისე მომეწონა აქ ყოფნა გადავწყვიტე დავსახლებულიყავი. ჩემი აზრით, თერაპიისთვის და განტვირთვისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა კერამიკაზე მუშაობა. ყველა უარყოფითი ენერგიისგან განთავისუფლებს და, რაც მთავარია გაძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად წარმოაჩინო შენი შესაძლებლობები”,- ამბობს ხელოვანი.
ოთარ შარაბაძეს თეთრიწყაროში კერამიკის სახელოსნოსთან ერთად, საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს და უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს მასპინძლობს, ამბობს, რომ ხშირად ყოფილი სტუდენტებიც სტუმრობენ და რამდენიმე დღით რჩებიან. ხელოვანი, რომელიც 46 წელია საყვარელ საქმეს აკეთებს, კერამიკაზე მუშაობის მასტერკლასებს ახლაც სიამოვნებით ატარებს. როგორც თავად ამბობს ამ გზით ცდილობს ხელოვნების ეს დარგი რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეაყვაროს.