სიღნაღის მერიაში “სამოქალაქო მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – მადონა ბატიაშვილი “სამოქალაქო მოძრაობის” მხრიდან მერიის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.  საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 7 თებერვალს გამოქვეყნებულ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2017 -2018 წლების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის ანგარიშზე, რომლის შესახებაც დღეს “სამოქალაქო მოძრაობამ” ბრიფინგი გამართა და დარღვევებზე ისაუბრა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე “რეგიონულ კვირასთან ” განმარტავს, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნაში სისხლის სამართლის დანაშაული არც ერთ საკითხში არ იკვეთება. რაც შეეხება რეკომენდაციებს. მუნიციპალიტეტი  რეკომენდაციების მუდმივად ითვალისწინებს.
-ჩვენ მოგვცეს რეკომენდაციები, რაც უნდა გავითვალისწინოთ. თუ არ გავითვალისწინებთ, შემდგეგ უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება. თუ ვინმე ჩათვლის, რომ იკვეთება სისხლის სამართლის საქმე, კორუფცია და არამიზნობრივი ხარჯვები, მიმართონ პროკურატურას. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მზადაა ყველაფრისთვის “,- განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილმა სათნოების სახლის შესახებ გამოთქმულ ბრალდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სათნოების სახლის ბენეფიციარების კვებაზე ნამდვილად იკვეთებოდა დარღვევები, თუმცა  მუნიციპალიტეტის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა
“2018 წელს ბენეფიციარები მოდიოდნენ და გვაფრთხილებდნენ, რომ საკვების მომზადების პროცესში იყო დარღვევები. ჩვენი მხრიდან იწერებოდა გაფრთხილების აქტები, ყოველდღიურად ხდებოდა მონიტორინგი. 2019 წლიდან აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩამოვაყალიბეთ აიპი , ანუ პრობლემა აღარ არსებობს”,- განმარტავს მერის მოადგილე.

სიღნაღის მერის მოადგილემ “რეგიონულ კვირასთან” სოფელ ბოდბეში ბაღის მშენებლობაზეც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ფინანსური პრობლემების გამო ვადებს გადააცილა და მუნიციპალიტეტმა  24 000 ლარით დააჯარიმა.
2018 წელს გამოცხადდა ტენდერი. მოიგო კომპანიამ, რომელსაც ქონდა ფინანსური პრობლემები და, როგორც კი მოწოდების ვადებს გადააცილეს დავაჯარიმეთ 24 000 ლარით. ბაღი უკვე დასრულებულია. ტენდერი დაახლოებით 300 000 ლარზე იყო გამოცხადებული”- აღნიშნა ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები