გურიის სამივე მუნიციპალიტეტში გადაუღებელი თოვის მიუხედავად გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
გურიაში გუშინ გათოვდა, თუმცა თოვა დიდხანს არ გაგრძელებულა და დღის განმავლობაში უნალექო ამინდი იყო შენარჩუნებული.
წუხელ თოვა სამივე მუნიციპალიტეტში განახლდა და ამ დრომდე ინტენსიურად თოვს.
ოზურგეთში ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზაზე შეფერხება არ არის.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან “რეგიონულ კვირას” აცნობეს, გზები იწმინდება, განსაკუთრებით ბურნათის მიმდებარე ცენტრალური გზა, გზის ეს მონაკვეთი უხვი ნალექით გამოირჩევა. შეფერხება ამ დროისთვის არც ჩოხატაურში არ არის.
ლანჩხუთშიც ანალოგიური სიტუაციაა, მობილიზებულია ტექნიკა გზის გასაწმენდად. აცანაში გზის ასევე ცენტრალურ მონაკვეთზე დაყრილია ტექნიკური მარილი.