„ფრანგებმა სოლიდარობის უდიდესი მაგალითი გვიჩვენეს“ – ტულუზის სააპელაციო სასამართლოს ქართველი ექსპერტი, რომელიც თანამემამულეებს ეხმარება
6 წლისამ დატოვა საქართველო. მისი ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობს. ემადლიერება ფრანგებს, რომ მაშინ სიკეთისა და თანადგომის ხელი გაუწოდეს და გაუადვილეს უცხო გარემოსთან შეგუება.
აჟამად ცხოვრობს ტულუზაში. პროფესიით იურისტია, სწავლას კი ისევ განაგრძობს სანოტარო განხრით.
როგორც ტულუზის სააპელაციო სასამართლოს იურიდიული ექსპერტი ეხმარება თანამემამულეებს. ქართული ასოციაცია „ივერიის“ პრეზიდენტი მრავალი კარგი ქართული საქმის გაკეთებას აპირებს. – მარიამ სეხნიაშვილის პერსონა.
– 2002 წელს, ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი საფრანგეთში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გაუსაძლისი პერიოდი იყო საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ 6 წლისამ დავტოვე საქართველო, მე მაინც დღემდე უძვირფასესი მოგონებები მაკავშირებს მასთან.
საფრანგეთში ცხოვრების პირველი წლები ფრანგულის შესწავლას მოვანდომე. უცხო ქვეყანაში თავის დაიმკვიდრებისთვის დიდი სირთულეების გადალახვა მოგვიწია მშობლებთან ერთად.
მახსოვს, მანქანაში გავათიეთ ღამე, ასევე განსაკუთრებით მახსოვს ის ღამე, როდესაც ნაოპერაციები და საავაადმყოფოდან ახალი გამოწერილი ვიყავი. 6 თვე საერთო საცხოვრებელში ვიცხოვრეთ და სხვა უამრავი სირთულე.
დროთა განმავლობაში ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა, თუმცა საბუთის აღება ძალიან გაგვიჭირდა. საბუთის ასაღებად ჩემი თანატოლების და ქალაქ ფოიქსისა და არიეჟის მხარე გვერდში დაგვიდგა…
სამჯერ გაიფიცა ჩემი კოლეჯი, პრეფექტურის წინ ჩაატარეს მრავალი აქცია, მობილიზებული იყო მედია, ჟურნალისტები, ტელევიზია. გვერდში დგომისა და სოლიდარობის უდიდესი მაგალითი გვიჩვენეს ფრანგებმა, რომლებთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ეს საოცარი მოვლენა იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში.
დროდადრო უკეთ ვიაზრებ, რამხელა სიკეთისა და თანადგომის მესიჯი გამოგვიგზავნეს ფრანგებმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში.
– სკოლის პერიოდში შენმა ლექსმა ერთ-ერთ კონკურსზე პირველი ადგილი აიღო…
– სკოლის პერიოდში ძალიან საინტერესო მეგობრები შევიძინე, სწავლითაც კარგად ვსწავლობდი. მეცხრე კლასში ჩვენმა მასწავლებელმა ლექსები დაგვაწერინა, კრებულს კი ჩემი ლექსის საპატივსაცემოდ სათაურად – „იქ, საქართველოში“ დაარქვა. ეს ლექსები გაიგზავნა კონკურსზე – „ფრანგული ენის ილუსტრაციისა და დაცვისათვის“, სადაც პირველი ადგილი ავიღე და ჯილდოც გადმომცეს, რამაც ძალიან გამაბედნიერა.
– იურიდიული განათლება გაქვს მიღებული…
– სკოლის დამთავრების შემდეგ გავითვალისწინე მრავალი ახლობლის რჩევა და გადავწყვიტე იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება. შემდეგ ჩემი სწავლის გადამისამართება სანოტარო სამართლის მიმართულებით ვარჩიე. მალევე პროფესიული გამოცდილებაც მივიღე. საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ნოტარიუსთან მომიწია თანამშრომლობა. პარალელურად სწავლას ვაგრძელებდი.
ამჟამად, ვმუშაობ ქართული, ფრანგული და რუსული ენების მედიატორ-მთარგმნელად. მომენიჭა ტულუზის სააპელაციო სასამართლოს იურიდიული ექსპერტის წოდება, სადაც დღემდე აქტიურად ვთამამშრომლობ.
ჩემს თანამემამულეებს ვეხმარები როგორც იურიდიული კონსულტაციებით და თარგმნით, ასევე საჯარო დაწესებულებებთან შუამავლობით.
– საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქტიურად მონაწილეობთ კულტურულ ცხოვრებაში. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– აქ პატარა საქართველო გვაქვს… ჩემი ოჯახი პირენეის მთიანეთში ცხოვრობს, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიის სამონასტრო სავანეა, და სადაც ძალიან დიდი სიყვარულით მიიღეს ქართველები. იქ მოღვაწე ბერებმა საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს წერილი გაუგზავნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით მონასტერში, ქართველების სულიერად გასაძლიერებად, ქართველი სულიერო მოღვაწე გამოეგზავნათ.
ამის შემდეგ, უწმინდესისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე აბრაამის (გარმელიას) ლოცვა-კურთხევით, მოღვაწეობა დაიწყო ბერმა ლუკა ფალავანდიშვილმა, რომელიც იმავდროულად ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. თავისი მოღვაწეობით იგი ქართულ სამრევლოს სულიერად აძლიერებს და ბევრი ქართული სასიკეთო საქმის შემოქმედია.
ფოიქსში ცხოვრების დროს ვცეკვავდი ანსამბლ „ფესვებში“, ახლა კი ქართული ასოციაცია „ივერიის“ პრეზიდენტი ვარ, ამჟამად ვაპირებ ქართული სკოლის გახსნას. ასევე ყალიბდება ქართული ცეკვის ანსამბლი, რომლის ხელმძღვანელი გიორგი გობეჯიშვილი იქნება. კვირაში ერთხელ ის ჩამოვა ქალაქ ტულუზაში და ქართველებს ცეკვის გაკვეთილს ჩაუტარებს.
– მშვენივრად ფლობთ ქართულ ენას, რაც მშობლების დამსახურებაზე მეტყველებს…
– ქართული სულიერება ჩემი მშობლების წყალობით შევინარჩუნე. არაერთხელ მითენებია ღამეები ქართული წიგნების კითხვაში. პატარა რომ ვიყავი, მამა ასეთ დავალებას მაძლევდა, სკოლის მერე უნდა წამეკითხა ქართული, ხოლო შინაარსი წერით ჩამებარებინა. სამსახურიდან დაბრუნებული გაეცნობოდა ჩემს შინაარსს და ხელს აწერდა, რომ მეორე დღეს იგივე არ ჩამებარებინა.
მშობლების უმკაცრესი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლებოდა მეტი ქართული წიგნი მეკითხა, რაც დღემდე ჩვევად მექცა, რომელმაც შემანარჩუნებინა სამშობლოსადმი უზომო სიყვარული.
დღემდე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ როგორც სამშობლოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველებისა და ჩვენი ოჯახის სამაგალითო მეგობრობა, ურთიერთგაფრთხილება და უდიდესი სიყვარული ერთი წუთით არ გვაცილებს სამშობლოს…
– გყავს იტალიელი საქმრო, რომელსაც უყვარს საქართველო…
– ახლახან დავინიშნე და ახლო მომავალში ქორწილიც იგეგმება. ჩემი ცხოვრების მეგზური პაულო ტონდი მამით იტალიელია, დედით – კი ფრანგია. განათლებით ჩემსავით იურისტია, ასევე მკვდარი ენების სპეციალისტია (ძველი ბერძნული, ლათინური, სანსკრიტი…)
ჩვენ ერთმანეთი ხუთი წლის წინ, ტულუზის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გავიცანით.
ჩემი საქმრო უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე. სანამ საქართველოს ესტუმრებოდა, მანამდე შეისწავლა ჩვენი ისტორია, „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენს დაახლოებამდე მრავალჯერ ჰქონდა წაკითხული, ისწავლა ქართული წერა-კითხვა, ზოგჯერ მეღიმება და ვამბობ, ჩემზე მეტად ქართველია-მეთქი. ამ ყველაფერთან ერთად მრავალი კარგი თვისებითაა შემკული, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამორჩეული ადამიანის გვერდით მომიწევს ცხოვრების გატარება.
თამარ შაიშმელაშვილი