განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შუახევში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
შუახევში, სამუშაო ვიზიტით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. მხარეებმა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და პროფესიული განათლების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა ფრიდონ ფუტკარაძესთან და კოლეჯ ,,ბლექსის” წარმომადგენლებთან ერთად, შუახევში ,,ბლექსის” ფილიალის განსათავსებლად გამოყოფილ შენობაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე მოინახულეს სანერგე-საჩითილე მეურნეობა, სადაც მსმენელები თეორიული კურსის შესაბამისად პრაქტიკას გაივლიან.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ოთახების მოწყობას, შიდა კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს. შშმ პირებისთვის მოეწყობა ლიფტი. ინფრასტრუქტურულ პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 000 ლარია გამოყოფილი.
კოლეჯის გახსნის შემდეგ მსურველები შეძლებენ ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები.