ოზურგეთში პირველი ცოცხალი საქონლის სატრანზიტო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

ცენტრში, რომელიც ოზურგეთში შენდება, შესაძლებელი იქნება როგორც მსხვილფეხა, ისევე წვრილფეხა საქონლის მიღება და 4000 თავამდე საქონლის ერთდროულად განთავსება. ლოგისტიკური ცენტრი შეცვლის და მაღალ საფეხურზე აიყვანს მეცხოველეობის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
პროექტის პრეზენტაციას ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მესაქონლეობის კავშირის პრეზიდენტი, პარტნიორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან ავსტრალიიდან და კანადიდან, სახელმწიფო რწუმენებული გურიის მხარეში ესწრებოდნენ.

ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ცოცხალი საქონლის ტრანსპორტირებისთვის კომპლექსური ლოგისტიკური მომსახურეობა მიიღოს: საქონლის მიწოდების შესაძლებლობა ავსტრალიიდან, აშშ, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან, ბათუმის პორტში სპეციალური გემით მიღება, გადმოტვირთვა, ოზურგეთის სატრანზიტო ლოგისტიკურ ცენტრში გადაყვანა, ვეტერინარული მომსახურეობა, სერტიფიცირება, საკუთარი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირება, დანიშნულების ადგილზე ჩაყვანა კავკასიის, შუა აზიის ქვეყნებში და ირანში.

საქართველოს გავლით მსგავსი სატრანზიტო დერეფნისა და ლოგისტიკური ცენტრის შექმნის მიზანია მესაქონლეობის სფეროს განვითარება და სხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
სატრანზიტო მარშრუტი დაიწყება ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის (2 000-დან 20 000 თავამდე საქონლის ტევადობის) მიღებით, სადაც მოხდება ცხოველების ჩამოტვირთვა და ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაყვანა, შემდეგ კი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაგზავნა.
პროექტი ითვალისწინებს 100-მდე ადგილობრივის დასაქმებას.

პროექტს კომპანია „აგრო პრაიმი“ ახორციელებს, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა ყაზახეთია.

პროექტის ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.

ლოგისტიკური ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები