ნათია თურნავა: ბერლინის საერთაშორისო გამოფენის მასპინძლობა საქართველოს, როგორც უნიკალური ტურისტული ბაზრის და მისი ტურისტული პოლიტიკის ეფექტურობის აღიარებაა

საქართველოს დასახელება გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin – ის ოფიციალურ მასპინძელ ქვეყნად არის ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და უნიკალური ტურისტული ბაზრისა და ჩვენი ტურისტული პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, – – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ITB Berlin – ის ოფიციალური მასპინძლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული, რომ საქართველომ მოიპოვოს სრულიად მსოფლიოს აღიარება, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მიმზიდველმა ტურისტულმა ბაზარმა.

საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერება 2020 წლის 5 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას სამუშაო ვიზიტისას ბერლინში.

ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin – ი წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები