„მე ვარ „ქართული ჩუქურთმა“ – როგორ დაკოცნა თეთრთმიანმა ჩოხოსანმა ქვევრი – „ენა, მამული, სარწმუნოება“
„დიდი ხნით ადრე, სანამ იუნესკო ქართულ ქვევრსა და მასში დაყენებულ ღვინოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში შეიტანდა, 2002 წელს მე უკვე მივაგე საკადრისი პატივი ამ მართლაც უნიკალურ და განუმეორებელ ღვინის 8000- წლოვან ჭურჭელს, როდესაც პირველ ჩემეულ ქვევრს ახალი სული შთავბერე“…
თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მისი დედულეთი კი ქიზიყია, საიდანაც დაჰყვა თავისუფალი, დაუმორჩილებელი სული, მამაპაპეული სახლი კარდენახში დგას…
სანამ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარებდა, სწავლობდა „ნიჭიერთა ათწლედში“, დადიოდა ქართულ ცეკვებზე, სადაც ბალეტის გაკვეთილებიც უტარდებოდა…
ერთხანს საზღვარგარეთაც მოუწია გასვლამ – გერმანიაში, ჰაიდელბერგში.
ხელოვნების სიყვარულს და ხელნაკეთი ნივთების შექმნას კი, უწინარესად, ოჯახს და მშობლებს უმადლის. მამა მხატვარი და ხის დამუშავების საუკეთესო ოსტატი იყო, მისთვისაც ქართული ფარდაგები, გობელენები, ეროვნული აქსესუარები დიდი სიყვარული გახდა.
ეს ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სამების ტაძარში, საპატრიარქოში… გამოიფინა და პატრიარქიც აღაფრთოვანა. – ხელოვანისა და მუსიკოსის, მაია მირიანაშვილის პერსონა.
– წარმოშობით კარდენახიდან ვარ. იქ ჩემი მამა- პაპის სახლი დგას, ისე კი, მეც და ჩემი მშობლებიც თბილისში ვართ დაბადებულ-გაზრდილები… ბებია-პაპა ადრე გარდამეცვალა, მაშინ სულ პატარა ვიყავი. მას შემდეგ ის სახლი გამოიკეტილა, უდროობის გამო ხშირად ვეღარ ჩავდივარ.
ბავშვობის მეხსიერებიდან ამოტივტივდება ხოლმე სურათი – სისხამ დილით ვდგავარ ჩემი სახლის ვერანდაზე, საიდაც ხელისგულივით მოჩანს ალაზნის ველი და დათოვლილი კავკასიონი, დიდი მოლოდინით გავცქერი აღმოსავლეთის მხარეს და ვტკბები დიდი, ფორთოხლისფერი მზის დისკოს ამოსვლით დიდებული კავკასიონის მწვერვალებიდან, რომლის ცქერაც საათობით შემიძლია…
პატარაობის ბურუსიდან მახსოვს ისიც, თუ რა მწარედ ვტიროდი, როდესაც მშობლებს კარდენახიდან თბილისში მოვყავდი, იმდენად მინდოდა იქ დარჩენა, აქ ჩამოსული ძალიან დიდხანს ცუდ ხასიათზე ვიყავი და სულ ცდილობდნენ ჩემს გართობას და ყურადღების გადატანას…
სხვა ჩემი თბილი და ტკბილი მოგონებები, მხიარული, ლაღი, ბავშვური ისტორიებით, უკვე ქიზიყს უკავშირდება, სოფელ ვაქირს, საიდანაც ჩემი მეორე ბებია, დედის დედა იყო წარმოშობით, სამწუხაროდ, მას ვერ მოვესწარი, მაგრამ მისი მხრიდან ნათესავებთან ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდა.
თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი, ისეთი თბილი გულით და ალალი, უანგარო ქიზიყური სულით მეპატიჟებოდნენ, შეუძლებელი იყო, უარი მეთქვა, თუნდაც ძლიერი სიცხის გამო, რაც ვაქირში იცის – ძალიან ჩავარდნილი ადგილია და, მასთან შედარებით, ჩემი ცივგომბორის კალთებზე შეფენილი კარდენახის სახლი ისეა, როგორც თბილისისთვის მთაწმინდა – ნამდვილი აგარაკი.
მაგრამ ჩემთვის ვაქირს და, ზოგადად ქიზიყს, ბევრი ფაქტორის გამო, მაინც სხვა ანდამატი ჰქონდა და აქვს დღესაც, მათ შორის გამოვყოფდი უსაზღვროდ თავისუფალ ქიზიყური ბუნებისთვის დამახასიათებელ სულს, რაც ჩემს ხასიათთანაც დაბადებიდან ახლო იდგა, დაბადებიდან-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს მოლოდინში მამაჩემმა თავისი ხელით გამიკეთა ულამაზესი, მოჩუქურთმებული კაკლის აკვანი (მხატვარი და ხის დამუშავების საუკეთესო სპეციალისტი იყო), რომელშიც, დედაჩემის დიდი მცდელობის მიუხედავად, არა და არ ჩავწექი…
თურმე, როგორც კი დგებოდა არტახების გადაჭერის დრო, საშინელ ტირილსა და ისტერიკას ვტეხდი და იქამდე არ ვჩერდებოდი, სანამ არ ამომიყვანდნენ… დედა ძალიან ფრთხილად და შემპარავადაც ცდილობდა არტახების გადაჭერას, მაგრამ მაინც ვერა და ვერ მიმაჩვია აკვანს და ბოლოს ფარ- ხმალი დაყარა ჩემი თავისუფლების სიყვარულის წინაშე. ამ იშვიათმა ეგზემპლარმა, რომელზეც მამაჩემმა მთელი 4 თვე იმუშავა, სამუდამოდ სახლის სხვენში დაიდო ბინა…
აი, ჯერ კიდევ რა ასაკიდან ვიცოდი, როგორ უნდა დამეცვა საკუთარი უფლებები, ყოველგვარი განათლების, დიპლომების, ადამიანისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის გარეშე, ქიზიყური გენეტიკით, მარტივად და ყოჩაღად!
დედა ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლებში – ჯერ ბუხუტი დარახველიძის ანსამბლში, შემდეგ სუხიშვილებში, ცეკვავდა და ძალიან კარგი მოცეკვავე იყო, თუმცა მიზეზთა გამო დიდხანს ვეღარ გააგრძელა ცეკვა…
– სკოლის პერიოდი…
– მართალია, დედა, 23-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, და მე რომ დავიბადე, უკვე საკმაოდ სტაჟიანიც (რადგან გვიან შექმნეს ჩემმა მშობლებმა ოჯახი), სკოლაში შესვლის დრო რომ დამიდგა, ამ განთქმულ სკოლაში არ შემიყვანა, შორსაა და ცოდოა ბავშვი ყოველდღე ამხელა გზაზე სიარულისთვისო.
იმ დროისთვის ჩვენ უკვე ძალიან შორს, გარეუბანში ვცხოვრობდით, სკოლა კი, სადაც შევედი, სახლის ეზოში მქონდა, ძალიანაც რომ მდომებოდა, უმიზეზოდ ვერც გავაცდენდი, რადგან სკოლის მთელი მე-2 კორპუსი ჩემს სახლში იყურებოდა და თუ მოვატყუებდი ან კლასელებს ან მასწავლებლებს, რომ ავად ვიყავი, ნებაყოფლობითი შინაპატიმრობა უნდა მეღიარებინა, რადგან ვერც აივანზე გავიდოდი, ვერც ეზოში ჩავიდოდი და რა აზრი ჰქონდა ასეთ გაცდენას? თუმცა ეს არც ხდებოდა…
– მუსიკის პედაგოგი ხართ…
– პედაგოგობა არასოდეს მინდოდა. მასწავლებლებმაც და მშობლებმაც ადრეული ასაკიდანვე შემატყვეს გამოკვეთილი არტისტული და მუსიკალური ნიჭი და როცა ამას დაერთო ჩემი ესთეტიკაც და ჰუმანიტარული საგნებისადმი ლტოლვა და ინტერესი, ჩემი პროფესიის არჩევა მაინც მე მომანდეს… მეც, ისევე, როგორც ყველა ბავშვს, ხან მსახიობობა მინდოდა, ხან მფრინავობა, ხან დიზაინერობა და რა ვიცი, კიდევ რა აღარ…
სანამ თეატრის და კინოს უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, ჩემი თაობის ბავშვების მსგავსად, დავდიოდი მუსიკაზე (ვსწავლობდი „ნიჭიერთა ათწლედში“), ასევე ქართულ ცეკვებზე, სადაც გარკვეულ დღეებში ბალეტის გაკვეთილებიც გვიტარდებოდა, ჩვენი სტუდია იყო სუხიშვილების ანსამბლის ბაზა, შემდეგ ვცეკვავდი ოფიცერთა სახლშიც…
– მძიმე დროს მოგიწიათ შემოქმედებითმა ცხოვრებამ და სტუდენტობამ. ომმა განსაკუთრებით ახალგაზრდობას დაასვა დაღი…
– დიახ, იმ პერიოდს დაემთხვა თბილისის ომი და რუსთაველის გამზირი მიწასთან გასწორდა. ამის გამო ჩემი თაობის სტუდენტებს სტუდენტობა და ის ხიბლი, რაც ამ ლამაზ დროს ახლავს თან, არც გაუგიათ – გამუდმებით, სიცოცხლის რისკის ფასად გვიწევდა რუსთაველზე გადაადგილება მუდმივი საპროტესტო აქციების, მიტინგების, ბოლოს კი სამოქალაქო ომის ფონზე…
მაინც დავდიოდით ლექციებზე, სანამ ომი დაიწყებოდა… ვისხედით გაყინულ აუდიტორიებში – აკანკალებულები, მშივრები, ჩვენი სტიპენდიით გაუფასურებულ კუპონებზე ვერაფერს ვერ იშეიძენდა კაცი, ბევრი -ბევრი გზის ფულად ჰყოფნოდა ნახევარ თვეს…
– და მაინც მოგიწიათ საზღვარგარეთ გასვლამ, ჰაიდელბერგში სასწავლებლად…
– გერმანიაში სწავლის პერიოდში მოვიარე მთელი ევროპა და ნანახმა, ცხოვრებისეულმა გამოცდილებმა და ნაირ-ნაირმა შთაბეჭდილებებმა იმდენი მომცეს, რომ საუკეთესო მოგონებებად მემახსოვრება მთელი ცხოვრება.
თუმცა 90- იანების ბოლოს, მაინც სამშობლოში ჩამოსვლა, ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა გადავწყვიტე!
ყველაფერს მაინც ჩემს სახლში ცხოვრება და ჩემი ქვეყნის სამსახური მერჩია… მეუბნებოდნენ, რატომ არ დარჩი იქ, რამ გადაგრია, აქ ამ დაქცეულ ქვეყანაში რამ ჩამოგიყვანაო? ვპასუხობდი, რომ სწორედ იმიტომ ჩამოვედი და სხვებიც, ვინც წასულები არიან, ან ევროპაში ან ამერიკაში, იმიტომ უნდა დაბრუნდნენ, რომ თვითონ მოეპატრონონ თავიანთ ქვეყანას და სხვა არ მიუშვან მოსაპატრონებლად-მეთქი. თვითონ უნდა დადონ თავიანთი წილი აგური ქვეყნის აღმშენებლობაში და არა სხვამ, და ავაშენოთ მართლა ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორსაც ევროპაში ან სხვაგან შევნატრით-მეთქი…
მე ჩემი წილი აგურები ბევრჯერ დავდე და თუ დამცალდება, ან ხელი არ შემეშლება ვინმესგან ან რამისგან, ყოველთვისაც დავდებ.
– ხელნაკეთი ნივთებს და აქსესუარებს ქმნით. ალბათ მამისგან დაგყვათ ეს ნიჭი. ..
– დღემდე მაქვს სახლში მამას საუცხოო ხის ნაკეთობანი სახსოვრად, თუმცა ბევრი არა, რადგან, მიზეზთა გამო, ზოგი დაიკარგა, ზოგი გააჩუქა სიცოცხლეში. უსაზღვროდ გულუხვი კაცი იყო და თავის ნამუშევრებს უანგაროდ ჩუქნიდა ყველას, ვინც კი აღფრთოვანდებოდა მათი ხილვით, ამით თვითონ უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე საჩუქრის ადრესატი… ზოგი ნამუშევარი, სხვა საოჯახო ნივთებთან ერთად, მოიპარეს 90- იან წლებში სოფლის სახლიდან, რამაც ყველას საშინლად დაგვწყვიტა გული…
გეთანხმებით, ხელნაკეთი ნამუშევრების შექმნა ჩემი ოჯახის და მემკვიდრეობითი ნიჭის წყალობით დავიწყე, ბავშვობიდან ვქმნიდი ნამუშევრებს (ჩხირკედელაობა ძალიან ადრეული ასაკიდან მიყვარდა). თუ რამეს ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით ვერ ვასხამდი ხორცს სირთულის ან რაიმე ტექნოლოგიის არცოდნის გამო, დედა მეხმარებოდა, რომელსაც თავადაც ოქროს ხელები ჰქონდა და ასეთივე ყოფილა მისი დედაც, ჩემი ქიზიყელი ბებია. ისინი უდიპლომო დიზაინერები, ბებიაჩემს კერვის ისეთი ნიჭი ჰქონდა, ომისშემდგომდროინდელ პლეხანოვზე საუკეთესო მკერავად ითვლებოდა, ყველას მასთან უნდოდა შეეკერა რაიმე ან მისი ნაქარგობით დამშვენებული სუფრა, ბალიშისპირი თუ ტანსაცმელი…
მოგვიანებით ნამუშევრები უფრო და უფრო გავართულე… დავიწყე ქართული ფარდაგი, შემდეგ გობელენი…
– ეს ნამუშევრები 2010 წელს გამოიფინა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სამების ტაძარში, საპატრიარქოში მისმა უწმინდესობამაც ნახა…
– თქვენ მეკითხებით, საიდან მოხვდა ჩემი ნამუშევრები სამების ტაძარში, საპატრიარქოში, სახელმწიფო მუზეუმში, რაზედაც მოკლედ და კონკრეტულად გპასუხობთ, ყველაფერი უფლის ნებაა და ის თავად მიგიყვანს იქ, სადაც საჭიროა და სადაც თვლის, რომ შენი ადგილია… თუ, რა თქმა უნდა, მისივე ნებით, შენ ამას იმსახურებ და გეკუთვნის…
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი მომენტი საპატრიარქოს გამოფენიდან, როდესაც მისი უწმინდესობა ჩემს კოლექციას ათვალიერებდა, მას უკან მოსდევდნენ ჩოხოსნები… სრულიად მოულოდნელად, ერთმა ჭარმაგმა, თეთრთმიანმა ჩოხოსანმა დასტაცა ხელი ჩემს ქვევრს, რომელსაც ჰქვია „ენა, მამული, სარწმუნოება“ და სულ ერთიანად დაკოცნა!
გაოცებისაგან გავშრი… მსგავსი რეაქცია არ მენახა… თუმცა აღფრთოვანებით შეძახილებსა და უამრავ ქათინაურსაც ბავშვობიდან შეჩვეული ვიყავი ჩემი ხელოვნების სხვადასხვა დარგში მსახურობის გამო…
– თქვენი ნამუშევრები ეროვნული სიმბოლიკითაა გამორჩეული...
– მართალს ბრძანებთ, ჩემი ნამუშევრები, ისევე როგორც მამაჩემისა (შექმნა ქართველ მეფეთა პორტრეტები, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკა…), გამოკვეთილი ეროვნული ხასიათით და სიბოლიკითაა გამოხატული, რაც ისევ ჩემს ქართულ სულს და ბავშვობიდან ჩემში ღრმად გამჯდარ ეროვნულ ცნობიერებას უკავშირდება… ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში შეიქმა გობელენი „ქართული ჩუქურთმა“. მოგვიანებით ქვევრიც შევქმენი ამ თემატიკაზე…
– ყველაზე მეტად რომელ ნამუშევარს გამოარჩევდი?
– როგორც დედისთვის შვილები, ჩემთვისაც ყველა ძალიან საყვარელია, მეც დედასავით დიდი რუდუნებით, მონდომებით, შრომით, ნებისყოფით ვქმნიდი თითოეულ მათგანს მრავალი წლის მანძილზე. ეს მხოლოდ მე ვიცი, რად დამიჯდა, ამ მძიმე შრომას უამრავ დროსთან და ენერგიასთან ერთად, ლამის ჩემი ჯანმრთელობაც შევწირე.
ერთი შეხედვით ისე ჩანს და ბევრსაც უთქვამს, რომ ეს ყველაფერი თითქოს ერთი ამოსუნთქვით შექმნილს ჰგავს, მაგრამ ვინც საქმეში ღრმად ჩახედული არ არის და არ იცის, რა ურთულეს ქსოვით ტექნოლოგიებთან გაქვს საქმე, გარდა მხატვრული ნიჭისა, რა კატორღულ შრომას მოითხოვს ეს ყოველივე,
ის ვერ მიხვდება, რამდენი უძილო ღამე იმალება ამ შრომის მიღმა.
როდესაც თვალს გადავავლებ ხოლმე ამდენი წლის ჩემს ნამუშევრებს, გამაჟრიალებს ხოლმე და ხან მეც ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემი შექმნილია, ბედის ირონიით კი ვიღაც- ვიღაცებს ჰობი და გართობა ჰგონიათ….
ეს კი არათუ გართობა, ნამდვილი მოწოდებაა, ჩემი სულის ნაწილი, ჩემი ცხოვრებისაც და ჯანმრთელობისაც, და თუ ადამიანს მართლა ფანატიკურად არ ეყვარება ეს საქმე, ვერცერთ ასეთ ნამუშევარს ვერ გააკეთებს.
მართალია, ბევრს ვასწავლე საწყისი ამ ტექნოლოგიებისა, ბოლომდე ვერავინ აითვისა და შუა გზაზე თავი მიანება, ზოგი კი შუა გზამდეც ვერ მივიდა და ესღა აღმოხდა სასოწარკვეთილს: სად მაქვს ამის მოსაკლავი თავიო.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს საქმე მხატვრული ნიჭის გარდა, კომპლექსურად მოითხოვს ძალიან ბევრ უნარ-ჩვევას, დაწყებული კარგი ჯანმრთელობით (მხედველობა, ნერვები…), დამთავრებული შრომისმოყვარეობა-ნებისყოფა- სამუშაო დისციპლინა- ოსტატობით.
– ანუ ასეთ კოლექციას და ქვევრებს ამ ფორმით მხოლოდ თქვენ ამზადებთ?
– …ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ იუნესკო ქართულ ქვევრსა და მასში დაყენებულ ღვინოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში შეიტანდა, 2002 წელს მე უკვე მივაგე საკადრისი პატივი ამ მართლაც უნიკალური და განუმეორებელი ღვინის 8000- წლოვან ჭურჭელს, როდესაც პირველ ჩემეულ ქვევრს ახალი სული შთავბერე…
ეს იყო ჩემი, როგორც ხელოვანის წინასწარმეტყველური ალღო, რომელიც კარგად გრძნობდა ეპოქის მაჯისცემასაც და იმასაც, თუ რა მოხდებოდა მომავალში, 10 წლის შემდეგ… ასეთივე ალღო მაქვს ხელოვნების სხვა დარგებშიც, მათ შორის მუსიკაშიც, რომელსაც დღემდე უღალატოდ ვემსახურები…
ქვევრების ეს კოლექცია ჩავიფიქრე, როგორც ყანწის ალტერნატივა, რადგან იგი სულაც არ გახლავთ ტიპური ქართული სასმისი, სკანდინავიელ ვიკინგებსაც კი ჰქონდათ, ამიტომ მინდოდა შემექმნა ისეთი ნამდვილად ქართული განსხვავებული სასმისების სერია ტიპური ქართული სიმბოლიკითა და ზედ დატანილი ჩვენი მარადიული ღირებულებებით, რომელიც მაღალმხატვრული ღირებულებითაც იქნებოდა გამორჩეული და არც არავის ექნებოდა მსგავსი შექმნილი, თან ისე ხარისხიანად გაკეთებული, რომელიც თაობებს გადასწვდებოდა, როგორც ულამაზესი და აზრობრივი შინაარსით დატვირთული საოჯახო რელიკვია!
ეს ნამუშევრები და განსაკუთრებით კი ქვევრების კოლექცია, რომელიც მწვერვალია ამ საქმეში, იმითაცაა უნიკალური, რომ სხვა ჩემ მეტი ამ სახით ხორცის შემსხმელი არ ჰყავს, და თუ მომავალში მაინც გამოჩნდება ვინმე, დიდად მოხარული ვიქნები…
რაც შეეხება იმას, თუ რომელ ნამუშევართან ვაიგივებ ჩემს თავს, გეტყვით, რომ მე ვარ „ქართული ჩუქურთმა“ .
– ყველაზე მეტად რომელი ნამუშევარი მოსწონს მნახველს?
– კითხვაზე, თუ რომელი ნამუშევარი უფრო მოსწონს მნახველს, გპასუხობთ – ყველა! რაც დიდ სიხარულს მანიჭებს. ვერ ვივიწყებ, როგორ ეფერებოდა ერთ-ერთი თურქი დამთვალიერებელი ქვევრის კუდზე გამოსახულ ბორჯღალს, რომელიც მზის სიმბოლოა ქართულ და კერძოდ სვანურ ჩუქურთმაში…. და კიდევ, რომელი ერთი მოვთვალო?
– გეგმები…
– რა თქმა უნდა, დიდი, მრავალფეროვანი და ბევრისმომცველი, თუმცა წინასწარ საუბარი არ მიყვარს, რადგან ერთი-ორჯერ წარსულში დავითარსე, ამიტომ არ მიღირს თქმა, სანამ არ განვახორციელებ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს და იმედია, ღმერთიც დამეხმარება.
თამარ შაიშმელაშვილი