აბასთუმანში 18 ისტორიული სახლი რეაბილიტირდა – “რეგიონული კვირის” სიუჟეტი (ვიდეო)
აბასთუმანში 18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა. დაბაში „რეგიონულ კვირის“ გადამღებ ჯგუფს რეაბილიტირებულ შენობებში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დახვდა. შენობების ნახევარში მეპატრონეები ცხოვრობენ, ნაწილში კი კვლავ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, 20 ოჯახი სახლების რეაბილიტაციის გამო, დროებით გადასახლებაში იმყოფებოდნენ. საცხოვრებელ სახლს ისინი რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდნენ. სატენდერო დოკუმენტები ძველი დაზიანებული სახურავების, ხის სახურავების და კონსტრუქციების, კარებებისა და ფანჯრების, დაზიანებული იატაკების, აივნების ჭერის და კიბეების დემონტაჟს ითვალისწინებდა. რეაბილიტაციის შედეგად სახლები თუნუქის ახალი სახურავებით გადაიხურა, ხოლო მოჩუქურთმებული ხის აივნების დაზიანებული ნაწილები მსგავსი დეტალებით ჩაანაცვლეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამ სახლებს შორის მდებარე ბულვარებსაც, ტროტუარები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება, ასევე, მოეწყობა ღამის განათება.