ოზურგეთელ ფერმერს, რომელიც დედაქალაქიდან სოფელში დაბრუნდა, სოზარ სუბარი ესტუმრა
ოზურგეთელი ბაჩო ლესელიძე დედაქალაქიდან სოფელში დაბრუნდა და მეურნეობის შექმნას გეგმავს. ლესელიძე მამა-პაპისეულ სახლში დაფუძნდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთში, დაახლოებით 1 ჰა მიწის ნაკვეთზე, ვაზის სანერგე მეურნეობის გაკეთებას გეგმავს, ასევე, ღვინის მარნის და 4-5 გურული ოდის განათავსება აქვს გადაწყვეტილი.
მომავალი ფერმერი და მეწარმე პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში – სოზარ სუბარმა და გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ მოინახულეს.
„ჩემს ოჯახს მეღვინეობის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. გვაქვს მარანი კიკეთში, ვენახები მუკუზანში და ვაჩნაძიანში. 2019 წელს გავაკეთეთ კიდევ ერთი მარანი კახეთში და ჯერჯერობით, დაახლოებით 40-45 ტონამდე ღვინოს წარმოება ხდება. როდესაც ჩემს სოფელში ჩამოვედი და დამხვდა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული დაიგო გზა, მოხდა სოფლის გაზიფიცირება და სხვა. მაშინვე გადავწყვიტე მეურნეობა გავაკეთო. საწყის ეტაპზე ვითხოვ ფინანსურ რესურსებთან წვდომას და ფონდების მოძიებაში დახმარებას, რაშიც კონსულტაცია გურიის რწმუნებულის ადმინისტრაციამ გამიწია“- აღნიშნა ბაჩო ლესელიძემ.