“ეს იყო დაგეგმილი სცენარი და პროვოკაცია” – გორში კერძო მევახშესა და მსესხებელს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები
„რეგიონულ კვირას“ გორში გამსესხებელსა და მსესხებელს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ, გორში მცხოვრები მოქალაქე დაუკავშირდა. ანონიმური წყარო “რეგიონულ კვირას” მომხდარის სხვა ვერსიას უყვება. წყაროს თქმით, მსესხებელმა გამსესხებელს პროვოკაცია მოუწყო.
„წავიკითხე თქვენი სტატია. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ასე არ იყო. ადამიანი მიიყვანეს იმ ზომამდე რომ ხელი აეღო. გამსესხებელმა ე.წ დაზარალებულს 1000 ლარზე მეტი წინასაახალწლოდ ასესხა და ვალი 28 იანვარს უნდა დაებრუნებინა. წინასაახალწლოდ მსესხებელმა ძვირადღირებული მანქანა იყიდა. როდესაც გამსესხებელი თანხის წამოსაღებად მივიდა მსესხებელმა განუცხადა, რომ თანხას არ მისცემდა. მოუწყო პროვოკაცია, მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ეუბნებოდა რომ თავს აცემინებდა, შემდეგ კი პოლიციას გამოუძახებდა. ფაქტობრივად, ასეც მოხდა. გამსესხებელი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ხელით შეეხო. ეს იყო დაგეგმილი სცენარი. ადამიანები ვართ როდესაც ამდენ შეურაცხყოფას გაყენებენ შენ და შენს ოჯახს, რა თქმა უნდა, გვიმტყუნებს ნერვები“, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” ანონიმურმა წყარომ.
ცნობისთვის, გორში, “ლომჭაბულის ” მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო მევახშემ მსესხებელ ქალს სცემა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ საქმის გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.