ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში მზის პანელები დამონტაჟდა

ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში- ტყემაკარავში, დიდვაკესა და ხინოწმინდაში მზის პანელები დამონტაჟდა. სოფლებში, სადაც ბოლო 35 წლის განმავლობაში მოსახლეობას რთული რელიეფიდან გამომდინარე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დანადგარების მეშვეობით აქ მცხოვრებლები დენით უწყვეტ რეჟიმში ისარგებლებენ.
ადგილობრივი ნუგზარ დავითაძე ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას იმ წლებს იხსენებს, როდესაც ხეობაში სკოლა და სხვადასხვა დაწესებულებები ფუნქციონირებდა. ჰყვება იმასაც, მოსახლეობისგან როგორ დაიცალა სოფელი და ქალაქში გადაბარგდა. ახლა ამ მაღალმთიან სოფლებში, საერთო ჯამში, 30-მდე ოჯახი თუ ცხოვრობს, დანარჩენები კი სახლებს სეზონურად, მხოლოდ ზაფხულის პერიოდში უბრუნდებიან. ნუგზარ დავითაძის თქმით, მზის პანელების მეშვეობით ელექტროენერგიის მიღება ხეობაში დარჩენილი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს.
,,ხეობაში რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, ისინი ძირითადად მეფუტკრეობას და მესაქონლეობას მისდევენ. აქ წარმოებული თაფლი ცნობილია არამარტო აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში. ელექტროენერგიის არსებობა დააბრუნებს ოჯახებს, რომლებმაც წლების წინ დატოვეს ხელობა და მხოლოდ ზაფხულობით ამოდიან“- აღნიშნა ნუგზარ დავითაძემ.
მზის პანელების დამონტაჟება მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერით განხორციელდა. კონსტრუქციები ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა შეამოწმეს. მირიან ქათამაძის თქმით, ელექტროენერგიის არსებობა, როგორც ადგილობრივისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის სასიამოვნო სიახლეს წარმოადგენს. მერმა ხეობის ტურისტულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
,, აქ საინტერესო ისტორიული ძეგლები და საუცხოო კლიმატია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ხინოს ხეობა ყველა სეზონზე მიმზიდველი იყოს ტურისტისთვის. იმისათვის რომ ხეობა განვითარდეს მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“-განაცხადა მერმა მირიან ქათამაძემ.

ხეობაში სულ 12 მზის პანელი დამონტაჟდა, რისთვისაც 170 000 ლარამდე დაიხარჯა. თითოეული კონსტრუქციის ღირებულება კი 14 300 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები