გია ვოლსკი: ტერორიზმის მიმართ არანაირი ლოიალობა არ შეიძლება იყოს დაშვებული

ტერორიზმის მიმართ არანაირი ლოიალობა არ შეიძლება იყოს დაშვებული, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

მისი თქმით, სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი მასალა ძალიან მძიმეა და ტერორისტულ ჯგუფთან მაჩალიკაშვილების ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს პირდაპირ ადასტურებს.

„მაშინ არც ერთი კითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს მასალა რეალური. მასალა არის ძალიან მძიმე და პირდაპირ ადასტურებს ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან, რასაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი შეეწირა. რეალურად, გამოძიება საითკენ წავიდა, ეს წინასწარ პრაქტიკულად ცნობილი იყო ადამიანებისთვის. ადამიანის სიკვდილს ძალიან განვიცდი, როგორ ვითარებაშიც არ უნდა მოხდეს. ჩვენთვის ტერორისტული აქტი, ტერორისტული ფაქტი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ასეთი მასშტაბი სიახლეა, როგორც იმ პერიოდისთვის სალოსის გამზირზე ტარდებოდა. არანაირი ლოიალობა არ შეიძლება ტერორიზმის მიმართ იყოს დაშვებული. ეს ფაქტები რაც პროკურატურამ დაადგინა, არის თუ არა რეალური, ეს სასამართლოს მიერ იქნება შეფასებული თანასწორ პაექრობაში დაცვისა და ბრალდების მხარეთა შორის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები