საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 42-ე წლისთავი მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
მისივე თქმით, ილია მეორის მწყემსობით ქვეყანა დღემდე გამარჯვებულია.
“შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე; მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის აღსაყდრების 42-ე წელს. 42 წლის წინ, როდესაც სვეტიცხოველში მოხდა პატრიარქის ინტრონიზაცია, მას შემდგომ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა დღემდე გამარჯვებული მოვიდა. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგია გაიმართა, რომელსაც გიორგი გახარია პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო.