ირაკლი ალასანიამ მიუნხენში ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგები შეაჯამა. ალასანიამ ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება:
„ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი თემა დიდი ბრიტანეთში დაგეგმილი ნატოს მომავალი სამიტი იყო, ასევე ის შანსები, რომელიც საქართველოსა და სხვა ასპირანტ ქვეყნებს აქვთ, რათა სოლიდური ნაბიჯები გადავდგათ წინ მეტი ინტეგრაციისკენ. ვისაუბრეთ, თუ რამხელა კონტრიბუცია აქვს საქართველოს დღეს, ასევე საქართველოს შეერთებას სწრაფი რეაგირების ძალებში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია სამხედროების ინტეგრაცია – ეს პოლიტიკურ დაახლოებასა და საქართველოსა და ნატოს შორის უფრო ღრმა ინტეგრაციას მოიტანს“, – განაცხადა ალასანიამ
მისი თქმით, დღეს დაგეგმილ სესიაზე: “გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა” – პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესო დისკუსიაში პრემიერი საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.
მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ორხმრივ შეხვედრებს მართავს.