იონათამიშვილი ჩხენკელს: სპეციალური პედაგოგების ხელფასები კიდევ არაა გათანაბრებული დარგის პედაგოგების ხელფასებთან და ამ მიმართულებით რა კეთდება
სპეციალური პედაგოგების ხელფასები ჯერ კიდევ არ არის გათანაბრებული დარგის პედაგოგების ხელფასებთან და ამ მიმართულებით რა კეთდება?, – ამ შეკითხვით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში უსმენს.
“მივესალმო იმ რეფორმას, რომელიც 2018 წელს ჩვენ ერთად დავიწყეთ. თქვენი მინისტრობის პერიოდში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებით წარდგენა პარლამენტში, რაც იყო ზოგადი განათლების კანონში ცვლილებები და ინკლუზიური განათლების მხრივ ფუნდამენტური რეფორმის შესაძლებლობა მოგვცა. ძირითადი იყო სპეციალური პედაგოგის სტატუსის ამაღლება და დარგის პედაგოგთან გათანაბრება. ამ მხრივ გარკვეულ ხარვეზები არის ხელფასებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჯერ კიდევ სპეციალური პედაგოგების ხელფასები არ არის გათანაბრებული დარგის პედაგოგების ხელფასებთან და რა კეთდება ამ მიმართულებით?”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილი, ასევე დაინტერესდა სამინისტროს ხედვით შშმ ბავშვთა ასისტენტების განვითარების მიმართულებით და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ჩართულობით საგანმანათლებლო სისტემაში.
“ამ ცვლილებების თანხმად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ახლებურად განიმარტა, ასევე, ალტერნატიული და გაფართოებულ სასწავლი გეგმები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მიმართულებით უფრო მაღალი სტანდარტი დაგვედო და ეს ასევე გულისხმობს იმას, რომ შშმ ბავშვთა ასისტენტების განვითარების გარკვეული ხედვა ჰქონდეს სამინისტროს და მათი გადინება არ ხდებოდეს და ამ მხრივ ანაზღაურების ზრდაზე ან გადამზადებაზე რა კონკრეტული აქტივობები კეთდება?
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები მოვიზიდოთ და ჩავრთოთ საგანმანათლებლო სისტემაში. სტატისტიკა გვაქვს ძალიან მზარდი იმიტომ, რომ თუ 2012 წელს მხოლოდ 500 იყო, დღეს უკვე 8 000 და ამას დადებითად ვაფასებ, მაგრამ საერთო ჯამში ეს მაინც არ ცდება მოსწავლეების 3 პროცენტს და ამ მიმართულებით რა კეთდება.
და ბოლოს, ასევე პარასპორტის მიმართულებით მინდა დადებითად შევაფასო ის საქმიანობა, რაც სამინისტრომ გააწია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”. – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.