„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს იქნება კერძო სექტორის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი”

„საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის და დასაქმების ზრდა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი – ფინანსებზე წვდომიდან ინკლუზიურ ზრდამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში. ამასთან, მათი კონკურენტუნარიანობა სწრაფად იზრდება – 2014-2018 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება 13,5%-ით გაიზარდა და იმავე პერიოდში ამ სექტორმა 118 400 მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოში აქტიური ეკონომიკური ერთეულების 99,7% -ს შეადგენს და დღეის მდგომარეობით (2019 წლის III კვარტალი) ამ სექტორში დასაქმებულია 443 400-სზე მეტი ადამიანი.

„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან ჩვენ ველით, რომ ეს იქნება კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, ინოვაციების, ექსპორტის წახალისებისა და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნის საწინდარი, რაც ამავე დროს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის 10 თვის ეკონომიკური საქმიანობა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკური შენელების და მრავალი გარე შოკისა, საქართველომ მოახერხა შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შეენარჩუნებინა და 2019 წლის 10 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,1 პროცენტი. „ეკონომიკური ზრდა ძირითადად კერძო სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული და პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გადამწყვეტი ასპექტია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს შეფასებას OECD-ს მიერ ჩატარებული კვლევის “მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში 2019” შედეგებს. ამ შეფასების თანახმად, საქართველომ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს შორის ყველაზე რეფორმატორმა ქვეყანამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინსტიტუციონალურ ჩარჩოები.

„სხვადასხვა არხებით, ფინანსური ან არაფინანსური ინსტრუმენტებით, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, დავეხმაროთ მათ ბიზნეს-უნარების განვითარებაში და ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებზე” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები