გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველი იმიტომაა არჩეული, რომ ზოგადი ინფორმაცია კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტული ფაქტები თქვას
სახალხო დამცველი იმიტომაა არჩეული, რომ ზოგადი ინფორმაცია კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტული ფაქტები თქვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ სახალხო დამცველს მოქალაქეებზე ზეწოლის ფატქებზე ინფორმაცია აქვს, ჯობია თქვას ან რეაგირება მოახდინოს.
“თუ სახალხო დამცველს კონკრეტული მაგალითები აქვს იმისა, რომ მოქალაქეებზე პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება, იგი ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მან გასაიდუმლოებული მოკვლევა ჩაატარა, სადაც მოქალაქეები ზეწოლას ადასტურებენ, თუმცა ამას ის ვერ იტყვის, ბუნებრივია, რომ ვერც პროკურატურას და ვერც ჩვენ ვერ მოგვცემს საშუალებას, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება მოვახდინოთ. თუკი ასეთი ფაქტები არსებობს და მან ეს იცის, ჯობია, რომ ეს თქვას ან შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. სახალხო დამცველი იმიტომ არის არჩეული პარლამენტის მიერ, რომ ზოგადი ინფორმაციები კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტული ფაქტები უნდა თქვას და რეაგირება მოითხოვოს. სხვა შემთხვევაში, თუკი რაიმე საიდუმლო ინფორმაცია აქვს, საჯარო არ უნდა გახადოს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ რეგიონების მოსახლეობამ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ზეწოლის და იძულების ფაქტები დაადასტურა.