დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, ბერლინიდან ტელეფონით ესაუბრა – “სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლის დასახსნელად”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, თამილა ლაფანაშვილს ბერლინიდან ტელეფონით ესაუბრა,- ამის შესახებ ზალკალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება იყო.
“დღეს, ბერლინიდან, ტელეფონით ვესაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, ქ-ნ თამილას. მინდოდა მისთვის პირადად, კიდევ ერთხელ, მეცნობებინა იმ ქმედებებისა და ნაბიჯების შესახებ, რაც ბ-ნ ვაჟას გათავისუფლებისთვის ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში, დიდი მადლობა ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის. მესმის, რა ძნელია მათთვის ამ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება. ის კონსტრუქციული დამოკიდებულება, რომელსაც ოჯახი ავლენს ამ კრიტიკულ მომენტში, მართლაც ფასდაუდებელია. ჩემის მხრივ, დავარწმუნე ქ-ნ თამილა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლის დასახსნელად. ჩემი ყოველი სამუშაო დღე იწყება ამ საკითხით და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებში გავმართე და რომელსაც გავმართავ, საუბრის მთავარი თემა სწორედ ბ-ნ ვაჟას უკანონო დაკავებაა. ბუნებრივია, ამ საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემს კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან. ქ-ნ თამილას გავაცანი გერმანული მხარის და ზოგადად, ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ისინი გმობენ მომხდარს და დაგვპირდნენ, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო მექანიზმს პრობლემის დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად. მიმდინარე კვირა მართლაც დატვირთულია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამბებით – საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, იგეგმება ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა და ა.შ. მაგრამ, მერწმუნეთ, არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი, ვიდრე ჩვენი თანამემამულეები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ვიდრე მათ არ აქვთ უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა”, – წერს ზალკალიანი.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები