გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების მაღალი პროფესიონალიზმი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ მაღალი პროფესიონალიზმი და მაღალი სტანდარტი, რაც გამოიჩინეს ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა. ერთის მხრივ, ისინი უზრუნველყოფენ გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ იმას, რომ ქვეყანაში იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და მართლწესრიგი დაცული, მათ შორის მთავარ პოლიტიკურ და კანონშემოქმედებით ორგანოში, რასაც ჰქვია საქართველოს პარლამენტი და შექმნას ყველა შესაძლო პირობები იმისთვის, რომ პარლამენტმა იფუნქციონიროს. ეს არ არის “ქართული ოცნებისთვის” სასარგებლო, ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი იმიტომ, რომ წარმომადგენლობითი ორგანო ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული პარლამენტი მათ შორის, ჩვენი ძვირფასი ოპოზიციაც. ასე, რომ ვალდებულება გვაქვს არამც თუ უფლება შემოვიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესების მართვა, არამედ კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რაც ჩვენს ოპოზიციას სამწუხაროდ ავიწყდება ხოლმე”,- განმარტა მაჭარაშვილმა.
მმართველი გუნდი პარლამენტის სხდომის ჩასატარებლად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა გამთენიისას პარლამენტთან მიმდინარე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს და პიკეტირებული საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გაათავისუფლეს.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.