ამერიკელი ექსპერტი: “ქართული ოცნების” მიერ დანაპირების შესრულება საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასტური იქნება
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი რობერტ ჰამილტონი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს შეასრულოს დაპირება და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს.
მისივე თქმით, დაპირების შესრულება საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასტური იქნება.
ამის შესახებ ჰამილტონმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია არ შეიქმნას განცდა, რომ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის. პარტიულ სიებზე გადასვლის დაპირება, რომელიც მთავრობამ გასცა ამ ზაფხულს, დიდი დათმობა იყო. მნიშვნელოვანია რომ ეს შესრულდეს და მთავრობამ დაპირებას პატივი სცეს. მესმის, რომ იყო საპარლამენტო კენჭისყრა, და რომ შესაძლოა “ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს ყველა მისი დეპუტატის ხმას, თუმცა მიუხედავად ამისა, 2020 წელს პროპორციული სისტემა იქნებოდა უფრო სამართლიანი ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან ახლანდელი შერეული სისტემა უპირატესობას აძლევს მმართველ ძალას. ამ დაპირების შესრულება იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ეს სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს და ხალხი ქუჩაში აღარ იდგება“, – ამბობს ჰამილტონი.
ჰელსინკის კომისიის ადმინისტრაციის უფროსის, ალექს ჯონსონის თქმით, ამერიკის მხრიდან უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხალხის მოსმენა.
“ამ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხისთვის ყურის დაგდებაა. მთავრობის მიერ საარჩევნო პირობის შესრულებაზე უარის თქმა გამოწვევებს ქმნის. ეს ფაქტი აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა და ამ ფარგლებში ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერა. ქართველებს ვეტყოდი – გააგრძელეთ თქვენი პოზიციის გაჟღერება”, – ამბობს ალექს ჯონსონი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ადმინისტრაციის უფროსი,
გამოცემა „ამერიკული ინტერესის“ აღმასრულებელი რედაქტორის დამირ მარუსიჩის თქმით, სექტემბერში, “მაკკეინის ინსტიტუტის” კონფერენციის ფარგლებში, მთავრობის გზავნილი იყო, რომ ესმოდათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობა.
„მე როცა საქართველოში ვიყავი სექტემბერში, “მაკკეინის ინსტიტუტის” კონფერენციაზე, მთავრობის გზავნილი იყო, რომ ესმოდათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობა. ამბობდნენ, რომ ეს ქვეყანაში დემოკრატიულ სტაბილურობას გააგრძელებდა, რაც შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის. მაშინ, ჩვენ ყველანი მივესალმეთ ამ გზავნილს. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ვხედავთ რომ ეს დაპირება უკან წაიღეს, რადგან ეს ქვეყანაში ქმნის არასტაბილურობას. დასავლეთს სურს ნახოს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას“, – ამბობს მარუსიჩი.
პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობაზე საუბრობს ასევე ანდერს ასლუნდი „ატლანტიკური საბჭოდან“. ის ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხალხს საკუთარი სურვილის უკეთესად გამოხატვის საშუალებას აძლევს.
„პროპორციული არჩევნები დემოკრატიის შესანარჩუნებლად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ქვეყნებს რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას – სჭირდებათ პროპორციული სისტემა, უკეთეს შემთხვევაში ღია პარტიული სიით. ევროპის ორ საუკეთესო დემოკრატიას: გერმანიას და ფინეთს, სწორედ ეს სისტემა აქვთ“, – თქვა ასლუნდმა.