თელავის მუნიციპალიტეტს 150 ათასი ლარის ღირებულების ტრაქტორები გადაეცა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მერების შეთანხმების“ ინიციატივის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს 150 ათასი ლარის ღირებულების, 2 ტრაქტორი გადასცა.
ტრაქტორებს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნარჩენების [ვაზის ხარშვის ნარჩენები] შესაგროვებლად გამოიყენებენ, ნარჩენების შედეგად წარმოშობილ ბიომასას კი – ორი ადგილობრივი საბავშვო ბაღის გასათბობად.
აღნიშნული გათბობის სისტემის შედეგად, გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, შემცირდება ემისიების გამოყოფა და გათბობის ხარჯები.
“დღეს ოფიციალურად გადმოგვეცა 2 ტრაქტორი, ეს არის ძირითადი ფაზა ამ პროექტის. მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური კუთხით რეაბილიტაცია და ზუსტად 2 ბაღს, თელავის პირველ და იყალთოს საბავშვო ბაღს მოემსახურება გადმოცემული ტრაქტორები“, -განმარტა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა,შოთა ნარეკლიშვილმა.
ტექნიკა მუნიციპალიტეტს პროექტის “ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში გადაეცა.
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ტრაქტორების გამოყენება, არამხოლოდ ეკოლოგიური კუთხით,არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც მნიშვნელოვანია.
“ტრაქტორების გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ასევე გარემოსთვის და აღნიშნული შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას”, -განმარტა ევროკავშირის ელჩმა.
პროექტის – „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“, მიზანია „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის შესასრულებლად, იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელების გზით, რაც თანხვედრაშია მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატის სამოქმედო გეგმებთან [მეკსგ].
„მერების შეთანხმება“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც სათავეს იღებს 2008 წლიდან და აერთიანებს ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნული ხელისუფლებების მმართველობებს, ნებაყოფლობით განახორციელონ ევროკავშირის კლიმატისა და მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანები.
საქართველოში “მერების შეთანხმების“ ხელმომწერი 23 მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქია.