ამირან სალუქვაძე: კონფერენციაზე განიხილებოდა ის პრობლემები, რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება
შეხვედრაზე ის პრობლემები იქნა განიხილული, რომელიც საოკუპაციო ზოლთან არსებობს,- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ ბათუმში განუცხადა, სადაც ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
“მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც ტრადიციულად იმართება და რომელსაც თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს. საკმაოდ წარმომადგენლობითია, როგორც ჩვენი, ასევე პარტნიორების მხრიდან. ბოლო წლებში აქტიურად განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოება. დღეს განიხილებოდა ის პრობლემები, რაც ხდება საოკუპაციო ზოლთან . ჩვენი მოქალაქეების გატაცება, უკანონო საოკუპაციო ხაზის გავლება. ასევე, ის ქმედებები და განცხადებები, რაც რუსეთის მხრიდან გვესმის”,- განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ბოლო 13 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.
კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ.
კონფერენციაში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
რიგით მე-13 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) 7 ნოემბერს დასრულდება.