ლევან მერაბიშვილი: ვარკვევთ დეტალებს, რის საფუძველზე ედავებიან პეტრე ცაავას მიწის ნაკვეთების მიტაცებას

საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ლევან მერაბიშვილი ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მივიდა, სადაც მან სკანდალური განცხადება გააკეთა.

მერაბიშვილის თქმით, მარტვილის ეპარქიაში ვიზიტის საფუძველი შეტყობინებები გახდა, რომელთა მიხედვით, ადგილობრივები რეკავენ საპატრიარქოში და ყოფილ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს მიწის ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებენ.

“ვარკვევთ დეტალებს, ვინტერესდებით თუ რა ტიპის დოკუმენტები აქვთ ამ ადამიანებს, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ეს მიწები მათ ეკუთვნოდათ,”- განაცხადა მერაბიშვილმა.

ლევან მერაბიშვილი, ეპარქიის ქონების გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ყოფილი მიტროპოლიტის მიმართ არსებულ ბრალდებებს იღუმენია თამარ გამყრელიძემ უპასუხა. მისი თქმით, მეუფე პეტრეს მხრიდან მოქალაქეების მიწების ნაკვეთების მითვისებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებები ცილისწამებაა.

“ყველაფერი არის საპატრიარქოს სახელზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ თავდასხმებს. დაქირავებული ადამიანები აჟღერებდნენ ამ ცილისწამებებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა არის მეუფეს ქონება. ეს ხომ ძალიან მარტივია. არის ვინმე კლიმენტი კეკუტია, რომელსაც უნდოდა დადიანების რეზიდენციის მითვისება და წინააღმდეგობაში შევიდა მეუფესთან და ამის შემდეგ ეს კაცი აფინანსებს თავის სოფელში ხან ვის, ხან ვის, რომლებიც ცილს სწამებენ მეუფეს”, – ამბობს იღუმენია თამარ გამყრელიძე.

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში სპეციალური კომისია, მეოთხე დღეა ეპარქიის ქონების ინვენტარიზაციასა და ფინანსური კუთხით მდგომარეობის აღწერას ახორციელებს.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან გათავისუფლდა. ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი 3 ნოემბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები