არჩილ თალაკვაძე: ვერანაირი განცხადებები ვერ შეასუსტებს ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას
“პატრიარქს და ეკლესიას აქვთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ვინ დგას საქართველოს სახელმწიფოს გვერდით, ვინ დგას ჩვენი ეკლესიის გვერდით და გამოჩდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც, მაღალი ალბათობით შედის ეკლესიის დისკრედიტაცია და ასევე შედის სახელმწიფოს შესუსტება, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში გამართული კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებსა და “პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის” უკან ერთი და იგივე ადამიანები იდგნენ.
“არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ იმ არეულობების უკან, იდგნენ ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევის უკან. საერთო ხაზი იკვეთება აქ, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია აერთიანებს ამ მოვლენებს, ჩემი დაკვირვებით. თუმცა ვერანაირი განცხადებები ვერ შეასუსტებს ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.