თელავში ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარების და განათლების ცენტრი გაიხსნა
„ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარების და განათლების ცენტრი“ დღეს თელავში პირველად გაიხსნა. კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერის თქმით, ცენტრს რეგიონში ანალოგი არ აქვს და მიზნად ადრეული ასაკის ბავშვების განვითარებას და უნარებისა და განათლების ხელშეწყობას ისახავს.
“ზოგადად სერვისების ნაკლებობა იგრძნობა, ბავშვს რაიმე სახის პრობლემა რომ აქვს, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების საკითხი რომ დგას, რეგიონში ნაკლებია ხელმისაწვდომი სერვისები და სულ გვინდოდა, უფრო მეტი გაგვეკეთებინა ამ მიმართულებით, ეს იყო ამ ცენტრის გახსნის იდეა“, – განაცხადა ნანა ათუაშვილმა.
ცენტრი შეიქმნა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, World Vision საქართველოს და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ,რომელიც ყველა ბავშვს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, მუსიკა თერაპიის მომსახურებას სთავაობს.მომსახურება მორგებული იქნება ბავშვების საჭიროებებზე და ჩატარდება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სესიები. ცენტრს ასევე ექნება თერაპიული კუთხითაც მუშაობის ფუნქცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ბავშვებისა და მშობლების პოზიტიურ ურთიერთობაზე, დატვირთული იქნება სხვადასხვა პროგრამული საშუალებით და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცენტრი შეავსებს იმ სერვისების ნაკლებობას, რაც ამ მიმართულებით თელავს გააჩნია.
იმ სოფლების მაცხოვრებლებისთვის, სადაც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, სერვისები იქნება უფასო, ხოლო სხვა მსურველებისთვის გარკვეული სერვისები ფასიანი’’, – აღნიშნა ნანა ათუაშვილმა.
ცენტრის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა,შოთა ნარეკლიშვილმა.მისი თქმით,მისასალმებელია,როცა ქალაქის მასშტაბით მსგავსი საჭიროების მქონე პროექტები ხორციელდება.
„ეს არის ერთ-ერთი იმ წარმატებული პროექტების ნაწილი,რომელიც World Vision-მა თელავის მასშტაბით განახორციელა,დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრიც ისეთვე წარმატებული იქნება, როგორც მათ მიერ განხორციელებული სხვა პროექტები და ამ ცენტრის მნიშვნელობაზე თუ გვექნება საუბარი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ადრეული ასაკის ბავშვების განვითარებისთვის“, – განმარტა შოთა ნარეკლიშვილმა.
ცენტრის ოფიციალურად გახსნას World Vision საქართველოს დირექტორი და თანამშრომლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.