სენაკში “ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა
სენაკში “ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე აღინიშნა. დღესასწაულის ძირითადი ღონისძიება ნოქალაქევის უძველეს ციხე-გოჯში ჩატარდა, რომლის ფარგლებში სენაკში ყველის ფესტივალი დაფუძნდა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე სახეობის ქართული ყველი და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტი. გაიმართა მათი დეგუსტაცია და გამოფენა. ჩატარდა მასტერკლასები ყველის კერძების მომზადებაში.
“ეგრისობას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს “ეგრისობა“ მიულოცა. ქართული ყველის წარმოშობის ისტორიასა და ტექნოლოგიებზე, “საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის’’ გამგეობის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, ხოლო ქართულ სამზარეულოზე – საქართველოს გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელმა ესმა კუნჭულიამ, ისაუბრეს.
ნოქალაქევში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოიფინა აგროპროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატები. ღონისძიების ბოლოს გაიმართა კონცერტი და საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი.