საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავი აღინიშნა
საჩხერის მუნიციპალიტეტში პოეტ მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 90-ე წლისთავი აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიებები სოფელ სავანეში დაიწყო. სტუმრებს სხვადასხვა ბაღის აღსაზრდელებმა უმასპინძლეს და ბავშვების მონაწილეობით კომპოზიცია “შემოდგომის სურათები” გაიმართა.
სოფელ არგვეთში პოეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პარკი გაიხსნა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი, ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ივანაშვილი ესწრებოდნენ.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა და თვითმმართველობის პირველმა პირებმა ადგილობრივებსა დღესასწაული მიულოცეს და პოეტის ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ლიტერატურული კონკურსების – “მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურებისა” და “საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის” გამარჯვებულების დაჯილდოება.
პოეტური მინიატურების კონკურსი წელს მესამედ გაიმართა. საუკეთესო ათეულიდან პირველი პრემია ირაკლი ასლანიკაშვილმა, მეორე – თეა თაბაგარმა, ხოლო მესამე პრემია მარინა ტურავამ დაიმსახურა. გამარჯვებულებს ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფულადი პრიზები და სხვა საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებებს უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა საჩხერესთან დამეგობრებულ ლატვიის ქალაქ ვეცუმნიეკის მერსა და მერის მოადგილეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიების სტუმრებს მუხრან მაჭავარიანის შვილები – ნანა და ვანო მაჭავარიანები მასპინძლობდნენ.