თელავში “ჭაჭის ფესტივალი” გაიმართა (ვიდეო)
თელავში “ჭაჭის ფესტივალი” გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალზე, მეწარმეებს და კახელ გლეხებს ქართულ ნატურალურ პროდუქტზე დამზადებული “ჭაჭა“ ჰქონდათ წარმოდგენილი,რომლის დეგუსტაციაც ნებისმიერ სტუმარს შეეძლო.
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის,დავით ოქიტაშვილის განცხადებით, გლეხების და კომპანიების მიერ წარმოებული “ჭაჭა”, რომელიც ფესტივალზე გამარჯვებას მოიპოვებს, ამერიკის ბაზარზე გაიყიდება.
“ამ ფესტივალის აზრი და მნიშვნელობა ის იყო,რომ იმ გლეხებისთვის,ვინც ამ პროდუქტს ქმნიდნენ,შეგვეწყო ხელი,რომ მათ მიერ წარმოებული ჭაჭა გამხდარიყო ასეთი პოპულარული.ყოველ წელს,ის ჭაჭა,რომელსაც გლეხი წარადგენს და გაიმარჯვებს,ამერიკის ბაზარზე გაიყიდება,“-განაცხადა ოქიტაშვილმა.
“ჭაჭის ფესტივალი“ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გახსნა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით,ფესტივალი,რომელიც თელავში მეორედ ჩატარდა,ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია.
“კახური შემოდგომა,რთველი და ღვინის დაწურვა,საბოლოოდ მაინც ნოემბრის თვეში “ზაოდობაში” გადადის და ესეც დიდი ტრადიციაა,რომელსაც დიდი ტურისტული მიზიდულობა გააჩნია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“-აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ფესტივალს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან შესაბამისი გაფორმებებით მოწყობილი კუთხეები ალამაზებდა. სტუმრები ჭაჭის დეგუსტაციითაც ირთობდნენ თავს.
როგორც ერთ-ერთმა სტუმარმა “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ნაწარმისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
“ძალიან გემრიელი , 4 სახეობის წარმოებული ჭაჭა დავაგემოვნე და კმაყოფილი ვარ,ასეთ ფესტივალებზე სტუმრები მეტს იგებენ საქართველოს შესახებ“-აღნიშნა თეა ჯოხაძემ.
“ჭაჭის ფესტივალი“ კულტურის პალატის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ “საქპატენტის“, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.