უხვი ნალექის შედეგად, აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა
უხვი ნალექის შედეგად, აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. შესაბამისი სამსახურების მხრიდან, სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სავალი ნაწილი ინტენსიურად იწმინდება. ასევე, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურში, ქედასა და ქობულეთში. რამდენიმე ოჯახი, რომელსაც სტიქიამ პრობლემები შეუქმნა, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი. ადიდებულია მდინარეები. წვიმის შედეგად დაიტბორა, გელაურის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების ეზოები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს.
არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. რიჟვაძემ ე.წ ოცნების ქალაქი მოინახულა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია ეზოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები.