“ნინო სწავლას დაამთავრებს და სკოლაც დაიხურება“ – 4 სოფლის ერთადერთი მოსწავლის სევდიანი ისტორია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ნამანევის თემში 4 სოფელი ხონჭიორი,ნამანევი,შავრა და თხმორი შედის. ულამაზეს სოფლებს ზამთრობით მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს და მხოლოდ 12 ოჯახი რჩება.ადგილობრივები სოციალურ პრობლემებს გაურბიან და ცდილობენ შემოსავლის წყარო სხვა ადგილას იპოვონ.
ნამანევის თემში ერთადერთი საჯარო სკოლაა, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება. სკოლაში, რომელიც მერის წარმომადგენლის სამსახურთან ერთად, ერთ შენობაშია განთავსებული, გაკვეთილები მხოლოდ ერთადერთი, მეთორმეტე კლასელი მოსწავლისთვის ტარდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” ნამანევის სკოლის დირექტორი, მათემატიკის მასწავლებელი, გოგი ჭელიძე უყვება, აღნიშნული სკოლა ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულება იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რომელიც 1993 წელს დაიწვა და მას შემდეგ თემის რწმუნებულის შენობაში არიან შესახლებულნი.
“სოფელი დაცარიელდა, აქ გაჩერება აღარავის უნდა, ურჩევნიათ ქალაქში, ჩაიზე და პურზე იცხოვრონ და აქ რამე მეურნეობა რომ აწარმოონ ამის სურვილი აღარავის აქვს,არადა აქედან მიაქვთ შეშა, საჭმელი, სასმელი.მათი გადმოსახედიდან ადვილია ქალაქში ცხოვრება, ჩემთვის კი ძნელი.ერთი პერიოდი რუსთავში ვცხოვრობდი, ვერ გავძელი და მე და ჩემი მეუღლე კარგა ხანია ნამანევში დავბრუნდით. სკოლის დირექტორი ვარ, სამი პედაგოგი და ერთი მეთორმეტეკლასელი მოსწავლე გვყავს. წელს ნინო სკოლას დაამთავრებს და სკოლაც დაიხურება. ნინო მეტონიძე ერთადერთი ბავშვია ოთხი სოფლიდან, რომელიც ამ სკოლას და ამ სოფლებს აცოცხლებს. ის რომ წავა, აღარ ვიცი, სკოლაც დაიხურება და ოთხი სოფლის იმედიც თან გაჰყვება,“- ამბობს გოგი ჭელიძე.
სკოლის ერთადერთი მოსწავლე, ნინო მეტონიძე “რეგიონულ კვირასთან” იმ დროს იხსენებს, როდესაც სკოლაში მარტო არ იყო და მასთან ერთად სხვა მოსწავლეებიც სწავლობდნენ.
“შარშან უფრო მხიარულად ვიყავი, 2 მეთორმეტე კლასელი მოსწავლე იყო სკოლაში და ერთმანეთს სულს ვაყუდებდით, ძალიან ძნელია ჩემს მდგომარეობაში ყოფნა, დასვენებაზე ეზოში ჩავდივარ და ხშირად მარტო მყოფი საკუთარ თავს ველაპარაკები ხოლმე. ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი ოცნება მაქვს, დანარჩენი ოცნებები უნდა დამელოდონ, დედაჩემი მყავდეს ჯანმრთელად და ცოცხალი, დიდი პრობლემები აქვს ფარისებრ ჯირკვალზე, ექიმთან იყო, ანალიზები აუღეს და 31 ნოემბერს პასუხებს ველოდებით, ახლა კალენდარზე ჩემთვის მხოლოდ ეს ციფრი არსებობს,“- ამბობს ნინო.
ნინო 11 წელია სკოლის დირექტორთან და მის მეუღლესთან ცხოვრობს, რადგან მისი სოფელი, თხმორი, საკმაოდ შორსაა და უჭირს ცუდ გზაზე ყოველდღე სიარული. გოგონას თქმით, გოგიმ და ციალამ დედობაც გაუწიეს და მამობაც.
დედასთან შაბათ-კვირას ჩადის. მამა არ ჰყავს. ის ტრაგიკული შემთხვევის შედეგად მაშინ დაეღუპა, როცა ნინო ჯერ კიდევ სამი წლის იყო. მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება, 100 ლარია. ოჯახი ცდილობს თანხა წამლებში, საკვებში და ტანსაცმელში იმყოფინოს,თუმცა ამაოდ. დამხმარეც არავინ ჰყავთ.
ნინო ძროხებსაც წველის, საჭმელსაც აკეთებს და ოთხ ძაღლსაც პატრონობს. დიდი ქალაქები არ უყვარს.“ყურები მეგუბება და აღარაფერი მესმის იქ რომ ჩავდივარო“. დედას პირობა მისცა- არასოდეს მიატოვებს და სასწავლებლად ქუთაისს აირჩევს.ფოტოგრაფის და გიდის პროფესიას დაეუფლება და კვლავ რაჭაში დაბრუნდება, დედასთან.
ამბობს, რომ საკუთარი პროფესიით იმუშავებს და ეცდება ოთხ სოფელს ისევ გაუფერადოს ცხოვრება.
ნამანევის სკოლის უკანასკნელ მოსწავლეს, ნინო მეტონიძეს ერთადერთი ოცნება აქვს – დედა ჰყავდეს ჯანმრთელი და ცოცხალი, ამისთვის კი გულისხმიერი ადამიანების დახმარება სჭირდება.
მარინე სვანიძე