გორელოვკის მეჩეთი, რომელიც სხვადასხვა ეროვნების თანასოფლელებმა საკუთარი ხარჯებით ააშენეს (ფოტოკოლაჟი)
ნინოწმინდის სოფელი გორელოვკა, ზღვის დონიდან 2 065 მეტრზე მდებარეობს. მოსახლეობის 33%-ს ქართველები, 56%-ს ეთნიკურად სომხები და 11% რუსები წარმოადგენენ.
მიუხედავად ეთნიკური სიჭრელისა ადგილობრივები საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულებას უპრობლემოდ ახერხებენ. სოფლის ცენტრში განთავსებული მეჩეთი ჩასული დამთვალიერებლის ყურადღებას თავისი განსხვავებული არქიტექტურით იპრყრობს. მეჩეთი რამდენიმე წლის წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით ააშენა.
მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთში ქალის შესვლა არ შეიძლება, „რეგიონული კვირის“ კორესპონდენტი მეჩეთის ხელმძღვანელმა დიდი სიამოვნებით მიიღო და სამლოცველოც დაათვალიერებინა.
ამ ადგილას რეზო ბერიძე სალოცავად ყოველ სამ საათში ერთხელ, მრევლთან ერთად მიდის. მეჩეთის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ ლოცვის დაწყებამდე ადამიანის განბანვის რიტუალის შესრულება აუცილებელია. ამიტომ მეჩეთში მოწყობილია ოთახი, სადაც მრევლი სახეს, ხელებსა და ფეხებს იბანს. ამის შემდეგ იწყება ლოცვა.
მეჩეთში შესვლისთანავე თვალში ფერადი, ზომით განსხვავებული „კრიალოსანები“ მოგვხდებათ, რომელიც ყველა სვეტს ამშვენებს. ისინი მრევლს ლოცვაში ეხმარება.
ეს მუსლიმების საღვთო წიგნია – ყურანი. მასში ლოცვები არამარტო ქართულ, არამედ არაბულ ენაზეც წერია.
მეჩეთის ცენტრში მრგვალი საათია მოთავსებული, რომლის ციფერბლატზეც “ალაჰ” არაბულად წერია.
ოთახის ცენტრში კი კიბეებს შეხვდებით. მასზე მხოლოდ ის მოლა ადის, ვინც ლოცვას ატარებს. თუმცა სხვა მეჩეთებისგან განსხვავებით, გორელოვკის მეჩეთში ლოცვას ხმამაღლა არ კითხულობენ და არც ყოველ საათში გაიგებთ მოლას ყვირილს. 30-მდე ადამიანი, რომლებიც აქ ყოველდღე ლოცულობენ, ამბობენ, რომ ადგილობრივებისა და მეზობელი სოფლების შეწუხება არ უნდათ.
გორელოვკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პატარა სოფელია, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. ქართველები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ, წლების წინ ადიგენისა და ხულოს დამეწყრილი ადგილებიდან გადმოასახლეს და დღეს ეკომიგრანტები არიან.
მედეა ლომიძე